კახიანი მარინა გიორგის ასული (დ. 19. IX. 1959, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. 1980 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1975–76 ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრის, ხოლო 1981-იდან შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობია. მის მიერ განხორციელებული როლებია: საპოჟნიაკოვა (ა. შატროვის „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე", 1980); ნატო (თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", 1984); კიწი (რ. იბრაგიმბეკოვის „დაკრძალვა კალიფორნიაში", 1984, საქართვ. თეატრ. საზ-ბის პრემია – საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი); ევა ბრაუნი (მ. კვესელავას „ას ერგასის დღე", 1985); კორდელია (უ. შექსპირის „მეფე ლირი", 1987); ლიდა (ი. სამსონაძის „აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე", 1991, საქართვ. თეატრ. საზ-ბის პრემია – საუკეთესო მსახიობი ქალი); ლავინია (უ. შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსი", 1992); ბერნარდა (ფ. გ. ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი", 1993); ნათელა აბაშვილი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე", 1994); მარინა (ი. სამსონაძის „იქ, სადაც ღვარად მოედინება", 1995); მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი", 1997); ტანცადე (კ. გოცის „ქალი გველი", 1998); ხორეშანი (ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!", სცენური ვერსია; 2000); ვიოლა, ოლივია (უ. შექსპირის „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ", 2001); ალექსანდრა (რ. ჰარვუდის „მოხუცი ჯამბაზები", 2008); ასული (პ. კაკაბაძის „ასულნი", 2015, პრემია „დურუჯი" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის); ბრუსკონი (თ. ბერნჰარდის „სანახაობის მომწყობი", 2015) და სხვ. თავისუფალ თეატრში ითამაშა მედეა [ევრიპიდეს „მედეა", 2001, მიენიჭა საქართვ. კრიტიკოსთა ასოციაციის პრიზი – საუკეთესო ტრაგიკოსი მსახიობი ქალი, (2002)]; თეატრალურ სარდაფში, რუსთაველზე – ანტონია (დ. ფოს „თავისუფალი სიყვარული", 2003); ბათუმის თეატრში, მა მურე (ჟ. მარსანის „მა მურე"). გადაღებულია კინოფილმებში: „უმცროსი და" (1977, რეჟ. ზ. კაკაბაძე), „ბანდიტი აგურის ქარხნიდან"(1983, რეჟ. გ. მატარაძე), „მონანიება"(1984, რეჟ. თ. აბულაძე), „მოკვეთილი" (1992, რეჟ. გ. მატარაძე), „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"(1996, რეჟ. ნ. ჯორჯაძე) და სხვ. მონაწილეობდა ტელეფილმებში: „სახლი ძველ უბანში", „უჩინარი", „ცხელი ძაღლი", „მტვრის გემო" და სხვ. კ-ის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები გამოირჩევა ექსპრესიულობით, ორგანულობითა და დახვეწილი პლასტიკით.