კახიანი ვლადიმერ ივანეს ძე

კახიანი ვლადიმერ ივანეს ძე (20. VII. 1905, ქუთაისი, – 30. VIII. 1966, თბილისი), ბიბლიოგრაფი, სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლოში. დაამთავრა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი (1930). 1931–45 მუ­შა­ობ­და მთ. ბიბლიოგრაფად სა­ქართვ. სა­ხელმწ. საჯარო ბ-კაში, სადაც ხელმ­ძღვა­ნელობ­და სამეცნ. ბიბლიოგრაფიის განყ-ბას; იმავდროულად (1932– 38) მოღვაწეობდა პირველი „ქართული საბჭოთა დიდი ენციკლოპედიის"რედაქციაში. კ. ავტორია ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და თეორ. ბიბლიოგრაფიის დარგებში გამოქვეყნებული ნაშრომებისა. გარდა ამისა, ვრცელი მეცნ. ანოტაციებით გამოსცა ბიბლიოგრაფია „მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები"(1937). კ. ავტორია ასეთივე ნაშრომისა „ქართველი მოაზროვნეები. უძველესი დროიდან 1921 წლამდე" (თანაავტ.: ნ. რეხვია­შვი­ლი, კ. კახიანი). 1941 გამოქვეყნდა კ-ის მიერ შედგენილი ანოტირებული ბიბლიოგრაფია „უცხოელები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ" («ბიბლიოგრაფიის მოამბე», №2–3). 1945–49 იყო სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის ივ. ჯავახი­შვილის სახ. ისტორიის ინ-ტის მეცნიერი მუშაკი, სადაც მოამზადა ნაშრომი „სამკურნალო წიგნის ადგილი ქარ­თული მედიცინის ისტორიაში" (1949). იქვე მონაწილეობდა „ქარ­თლის ცხოვრებისა" და ბერძნ.-ქართ. დოკუმენტური ლექსიკონისათვის მასალების მოძიებაში. 1953–56 კ. მუ­შა­ობ­და ს. ჯანაშიას სახ. სა­ქართვ. სა­ხელმწ. მუზეუმში, სადაც მისი თანაავტორობით დაიბეჭდა „1921–56 წლებში მუზეუმის მიერ გამოცემული კრებულების, შრომების და სტატიების ბიბლიოგრაფია" (1957). კ-ის სხვა ნაშრომებიდან აღსანიშნავია თემატური ბიბლიოგრაფიები სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიიდან (რედ. ნ. ბერძენი­შვი­ლი).

თხზ.: ანოტაციის საგნის საკითხისათვის, «სა­ქარ­თვე­ლოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის შრომები», 1938, ტ. 4; ნარკვევ-თხრობითი ანოტაცია, «ბიბლიოგრაფიის მოამბე», 1940, №1; ბიბლიოთეკათმეცნიერების ცალკეულ დისციპლინათა, მისი საერთო სისტემის და ორგანიული წყობის საკითხისათვის, იქვე, 1941, №2–3.

ნ. გიო­შვი­ლი