კახიძე ვახტანგ ჯანსუღის ძე

ვ. კახიძე

კახიძე ვახტანგ ჯანსუღის ძე (დ. 23. III. 1959, თბილისი), დირიჟორი, კომპოზიტორი. შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. (2010) და ზ. ფალია­შვი­ლის სახ. (2015) პრემიების ლაურეატი. 1981 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის საკომპ. განყ-ბა ნ. სიდელნიკოვის (კომპოზიცია) და ე. დენისოვის (ინსტრუმენტობა) ­ხელმძღვა­ნელო­ბით. 1988–89 ეუფლებოდა სა­დირიჟორო ხელოვნებას მამის, ჯ. კახიძის ხელმძღვანელობით. კ-ის, როგორც დირიჟორის, დებიუტი შედგა 1989, საკუთარი ბალეტის, "ამორძალების" დადგმით თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში (ბალეტს დირიჟორობდა რამდენიმე სეზონის განმავლო­ბაში). 1993-იდან თბილ. სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი იყო. საკონცერტო გამოსვლების გარდა ორკესტრთან ერ­თად ჩაწერა 25 ლაზერული დისკი სხვა­და­სხვა უცხოური ხმისჩამწერი კომპანიებისათვის. 2002-იდან კ. თბი­ლისის სიმფონიური ­ორკესტრის მთ. დირიჟორი და ჯ. კა­ხიძის სახ. თბილ. მუსიკალურკულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელია. გასტროლებს მართავს როგორც ­ინდივიდუალურად, ისე "თბილისის სიმფო­ნიურ ორკესტრთან" ერთად (2004 – მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი და იტალია, 2005 – ჩინეთი). ხელმძღვანელობს მამამისის, ჯ. კა­ხიძის მიერ დაარსებულ ყოველწლიურ საერთაშ. მუს. ფესტივალს „შემოდგომის თბილისი", რ-იც თანამშრომლობს თანამედროვეობის გამოჩენილ უცხოელ და ქართველ მუსიკოსებთან და მუს. კოლექტივებთან.

კ. როგორც კომპოზიტორი მოღვაწეობს სხვა­და­სხვა მუს. ჟანრში (ოპერა „ბარბალე", მუს. პარაფრაზი ვ. დო­ლიძის ოპერა „ქეთო და კოტეს", მიხედვით, ჯ. კახიძესთან ერთად, 1986; ბალეტი „ამორძალები", 1988; არაერთი ­კონცერტი ფორტე­პიანოსა და სიმებიანი ორკესტ­რისათვის, ვოკალურ-სა­კრა­ვიერი შესრულებისათვის, კანტატები, გუნდები). მისი ნაწარმოებე­ბი შესრულებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქტიურად მოღვაწეობს კინოსა და თეატრში. არის 50-ზე მეტი დრამ. სპექტაკლისა და 20 კინოფილმის მუსიკის, მრავალი ჯაზური კომპოზიციისა და საესტრადო სიმღერის ავტორი.

დაჯილდოებულია ღირსების ორ­დენით (2000). საქართვ. კინოაკა­დემიის პრიზით „ნატო" (1997); საუკეთესო კინომუსიკის, თე­ატრის მოღვაწეთა კავშირის პრი­ზით, დრამატ. სპექტაკლის საუკეთესო მუსიკისათვის (1998, 2005, 2013).

2003 მუსიკალურ კულტურაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის მიიღო ალბერტ შვაიცერის სახ. საპატიო მე­და­ლი.

გ. ტორაძე