კახაძე ოტია ილარიონის ძე (28. III. 1918, ტყიბული, – 28. X. 2003, თბილისი), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკ. ენათა მკვლევარი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1973), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1945). სამეცნ. მოღვაწეობას ეწეოდა ენათმეცნ. ინ-ტში (როგორც ინ-ტის მთ. სპეციალისტი), პედაგოგიურს – თსუ-ში. კ-ის ძირითადი შრომები ეძღვნება არჩიბულისა და სხვა ლეზგიურ ენათა ისტ. ფონეტიკის, მორფოლოგიისა და ლექსიკის საკითხებს. იბერიულ-კავკ. ენათა სპეციფ. რიგის ლატერალურ თანხმოვანთა ჩამოყალიბებისა და ისტორიის თვალსაზრისით ფასეულია კ-ის შრომები: „ლატერალური თანხმოვნები არჩიბულში" (1958), „ზოგი შენიშვნა ლატერალური თანხმოვნების შესახებ"(1959) და სხვ. ავტორია მონოგრაფიებისა: „არჩიბული ენა და მისი ადგილი დაღესტნის მონათესავე ენათა შორის" (1977), „გრამატიკული კლასები ლეზგიურ ენებში" (1984). კ-ის არაერთი შრომა ეხება ქართველურ ენათა ფონეტიკისა და ლექსიკის საკითხებს: „პურეულის ზოგიერთი ტერმინის შესახებ ქართულში" (1956), „ხმოვანთა ასიმილაციის ზოგიერთი საკითხის თაობაზე ქართველურ ენებში"(1981), „ლექსიკური ზანიზმებისათვის იმერულში" (1987); აგრეთვე ქართ. ენის დიალექტთა შესწავლას: „ატენისა და წედისის ხეობის ქართლური" (1953), „ოკრიბულის თავისებურებანი" (1954) და სხვ. კ. მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" (ტ.1–8, 1950–64) მომზადებაში, იყო V ტომის ერთ-ერთი რედაქტორი, რისთვისაც, სხვებთან ერთად, მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971). იყო „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის" რედკოლეგიის წევრი.
თხზ.: პურეულის ლექსიკა ქართულში, თბ., 1987; ტერმინი ეგრისი, კრ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., 1993.
გ. ბურჭულაძე