კახაბერისძე კახაბერ

კახაბერისძე კახაბერ, XIII ს. II ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რაჭის ერის­თა­ვი. დას. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა დიდებულებთან ერთად დიდად შეუწყო ხელი დავით VI ნარინის გამეფებას დას. სა­ქარ­თვე­ლო­ში. შემდგომში მოინდომა იმე­რეთ­ში დავით ლაშას ძის გამეფება, მაგრამ უშედეგოდ. კავშირი დაამყარა მონღოლებთან, დავით ნარინს აუმხედრა აბაღაყაენის წინააღმდეგ აჯანყებული და დას. სა­ქარ­თვე­ლო­ში თავშეფარებული ღალღური. კ. ყაენის კარზეც წაჰყვა ღალღურს, სადაც დავით ნარინის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა. იქიდან კ. ქართლში, ატენში, დაბრუნდა. დავით ნარინმა შეიწყალა ორგული ერის­თა­ვი და რაჭაც დაუბრუნა. მცირე ხნის შემდეგ კ-მ კვლავ უღალატა მეფეს. მონღოლ სარდალ ალიყანთან გააბა მიმოწერა დავით ნარინის შეპყრობის თაობაზე. მეფემ ხელთ იგდო კ., თვალები ამოუშანთა და ცალი ხელი და ფეხი მოჰკვეთა. ერის­თა­ვის ორი ­შვი­ლი განდევნეს კონსტანტინოპოლში. ამით დასრულდა კების მფლობელობა რაჭაში.

წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ქარ­თლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1983.

ი. ანთელავა