კაჭახიძე გიორგი ვარლამის ძე

კაჭახიძე გიორგი ვარლამის ძე (3. II. 1907, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 2. XII. 1979, თბილისი), პოეტი. 1930 დაამთავრა თსუ. პირველი ლექსი 1927 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი წიგნი „ჩემი პირველი უჯრედი" – 1932. კ. ავტორია ლირიკული კრებულებისა: „ის უბანი და ის კარმიდამო" (1934), „ახა­ლი ლექსები" (1950), „რჩეული" (1958), „მადლი მიწისა" (1962), „მეც ჩემებური გუთნისდედა ვარ" (1964), „ერთტომეული" (1970), „იმ ვარსკვლავების შუქი" (1976); საბავშვო ლექსების წიგნებისა: „ალუბლები ჰყვავიან" (1940), „სწავლასა და სიხარულში" (1955), „მალხაზებისთვის რაც მიმღერია" (1959), „გაზაფხული მოგვილოცეს" (1963), „გამარჯობა, ნატვრის ჩიტო" (1973), „ის ურჩევნია მამულსა" (1977) და სხვ. გამოცემული აქვს მონოგრაფია „შიო მღვიმელის ცხოვრება და პოეზია" (1966). კ-ის ლექსები თარგმნი­ლია სხვა­და­სხვა ენაზე.