კაჭარავა ანატოლი ­ალექსანდრეს ძე

ა. კაჭარავა 

კაჭარავა ანატოლი ­ალექსანდრეს ძე (15. VIII. 1910, სოხუმი, – 8. V. 1982, ბათუმი), მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი. 1927 მუშაობა დაიწყო შავი ­ზღვის სანაოსნოში შტურმანად. დაამთავრა ხერსონის (1930), შემდეგ – ვლადივოსტოკის (1933) სა­ზღვაო სასწავლებელი, 1960 – ლენინგრადის საზღვაო ინ-ტი გემთმართვის ინჟინრის სპეციალობით. 1940–41 იყო ყინულმჭრელი გემების („სადკო", „პოლარული ვარსკვლავი", „ვასილი მოლოკოვი") კაპიტანი, კ. დიქსონის პორტის მთ. კაპიტანი, 1941–42 – ყინულმჭრელი გემის „ალექსანდრე სიბირიაკოვის" კაპიტანი.

1942 წ. 8 აგვისტოს მსუბუქად შეიარაღებულ ყინულმჭრელ „ალექსანდრე სიბირიაკოვს", რ-საც კარის ზღვაში პოლარულ სადგურზე გადაჰქონდა საწვავის მარაგი, ტვირთი და გადაჰყავდა ეკიპაჟის რამდენიმე წევრი. თავს დაესხა გერმანული მძიმე ჯავშნოსანი კრეისერი „ადმირალი შეერი". კ. არ დაემორჩილა მტრის მოთხოვნას და მისი ბრძა­ნებით ­ეკიპაჟ­მა ყინულმჭრელი ჩაძირა. მძიმედ დაჭრილი კაპიტანი გერმანელებმა სხვებთან ერთად ტყვედ აიყვანეს (100-ზე მეტი ეკიპაჟის წევრისა და სამოქალაქო პირიდან გადარჩა მხოლოდ 19). საკონცენტრაციო ბანაკიდან კ. 1945 მარტში გაათავისუფლეს.

1945-იდან კ. დაუბრუნდა თავის საქმიანობას – ლენინგრადსა და მურმანსკში იყო ყინულმჭრელი გემების („ილია მურომეცი", „ლევანევსკი") კაპიტანი, სატრანპორტო ფლოტის კაპიტან-დამრიგებელი მურმანსკში. 1960-იდან მუშა­ობდა ბათუმში. მისი ძალისხმევით დაარსდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სამმართველო (1967), რ-საც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ეწეოდა პედ. საქმიანობას, იყო ბათუმის სანაოსნოს კაპიტან-დამრიგებელი.

მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები, მ. შ. ლენინის ორდენი (1971). კ-ს სახელი ეწოდა იუგოსლავიაში საგანგებო შეკვეთით აგებულ (1984) ტანკერს.

ლიტ.: Белов М. И., Оборона порта Диксон в августе 1942 года, «Проблемы Арктики и Антарктики», 1963, вып. 13.

თ. არსენაძე