კაშია ჯანრი ილიას ძე (8. V. 1939, ბათუმი, – 11. III. 2012, პარიზი, დაკრძალულია თბილისში), ფილოსოფოსი, მწერალი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პედაგოგი და საზ. მოღვაწე. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1964). 1967–77 თბილ. სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა ფილოსოფიას, ფილოს., ხელოვნ. და კულტ. ისტორიას, 1969–75 იქვე იყო ხელოვნების თეორიისა და ისტორიის, ესთეტიკისა და პედაგოგიკის ფაკ-ტის დეკანი, 1969–70 – თბილისის ბავშვთა სამხატვრო გალერეის (ბავშვთა შემოქმედების მუზეუმი) თანადამაარსებელი და დირექტორი.
1982 კ-მ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო საფრანგეთში (1992 გახდა საფრანგეთის მოქალაქე). 1982–83 ცხოვრობდა და მუშაობდა პარიზში, 1983–84 – მიუნხენში, სადაც იყო რადიო „თავისუფლების" ჟურნალისტი, შემდეგ ქართ. რედაქციის უფროსი და მთ. რედაქტორი (1984–86). 1983-იდან იქვე დააარსა და ხელმძღვანელობდა ქართულ-ევროპულ ინ-ტს (საქართველოს, კავკასიის და ევრაზიის ცივილიზაციის კვლევის ცენტრი). ამავე წლებში იყო მიუნხენის აღმოსავლეთისა და დასავლეთის შემსწავლელი ცენტრის მიწვეული პროფესორი. 1984-იდან გამოსცემდა და რედაქტორობდა ქართ.-ევრ. ინ-ტის ჟურნ. „ივერიას" (ეროვნ.- დემოკრ. პარტიის ჟურნალის გაგრძელება, გამომცემელი მ. ქავთარაძე), ამავე ინ-ტში დააარსა ი. ჭავჭავაძის პრემია. 1986 ვაშინგტონში მუშაობდა „ამერიკის ხმის" ქართ. რედაქციის მიწვეულ კონსულტანტად, 1987–92 – რადიო „თავისუფლების" ქართ. რედაქციის ოფიციალურ კორესპონდენტად პარიზში, 1993–97 თანამშრომლობდა ფრანგ. ჟურნალთან „Politique international"; ამ პერიოდში იკვლევდა პოსტტოტალიტარული ქვეყნების განვითარების გზებს, მათ წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სირთულეებს. 2004 საქართველოში დაბრუნდა და მოქალაქეობა აღიდგინა.
2002–05 მიჰყავდა საავტორო ტელეგადაცემები: „არჩევანი თქვენი", „ნადიმი ჯანრი კაშიასთან" („იმედი", „202"). 2009–12 იყო ევრო-კავკ. უნ-ტის პროფესორი. კ. არის მრავალი სოციოლ. ნაშრომის ავტორი. 2013 გამოიცა კ-ს თხზულებების 11 ტომი.
ს. ზურაბიშვილი