კასრაძე ქართლოს დავითის ძე (27. VIII. 1926, გორი, – 29. I. 2005, თბილისი), ესტრადის მსახიობი (სალაპარაკო ჟანრი). საქართვ. სახ. არტისტი (1988), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (1967). 1952 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ბეჭდავდა მოთხრობებს სტუდენტურ ლიტ. ალმანახ „პირველ სხივში". გამოაქვეყნა 2 რომანი – „მზის ამოსვლამდე" (1948) და „ნაცნობი თვალები" (1950). მონაწილეობდა სტუდენტური თეატრის წარმოდგენებში (ბასანი, უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი", ინგლ. ენაზე; ვაისლინგე ნი, ი. ვ. გოეთეს „გეც ფონ ბერლიხინგენი", გერმ. ენაზე). წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზე. კ-ის რედაქტორობით გამოდიოდა სტუდენტური იუმორისტული გაზ. "ჭინჭარი". 1944-იდან გამოდის პროფ. ესტრადაზე როგორც სალაპარაკო ჟანრის მსახიობი, კონფერანსიე (1957-იდან საქართვ. სახელმწ. საესტრადო ორკესტრ „რეროში" ა. გელოვანთან ერთად). სასიამოვნო სცენური გარეგნობის, შესანიშნავი იუმორისა და გონებამახვილური რეპერტუარის მეოხებით კ-მ დიდი პოპულარობა მოიპოვა. ესტრადაზე მოღვაწეობის 60 წლის განმავლობაში მონაწილეობდა 2 ათასამდე კონცერტში. გამოდიოდა ყოფ. სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (ფინეთი, დანია, ნორვეგია, შვეცია, ინგლისი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია). ეწეოდა ლიტ. საქმიანობას. ავტორია წიგნებისა: „ტრიუმფით მსოფლიოს გზებზე" (1971) და „ტრიუმფი გრძელდება" (1980, საქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. ანსამბლის გასტროლების შესახებ), „ფარნავაზი" (1986), „სოსელო" (მამასთან, დ. კასრაძესთან ერთად, 1988) და სხვ.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).