კარგარეთელი ვასილ ­დიმიტრის ძე

 კარგარეთელი ვასილ ­დიმიტრის ძე (29. VII. 1880, სოფ. ერთაწმინდა, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, - 1938, თეირანი), გენერალ-მაიორი (1920). განათლება მიიღო თბილ. პირველ კლასიკურ გიმნაზიაში. 1899 სამხ. სამსა­ხური დაიწყო იუნკრად მოსკოვის სამხ. სასწავლებელში. 1901-იდან მსახურობდა ლაიბგვარდიაში (სანქტ-პეტერბურგი), შემდეგ – გვარდიული ქვეითების ­რეზერვ­ში, გორის 259-ე ქვეით პოლკში. 1913 დაამთავრა ნიკოლოზის გენ. შტაბის აკადემია (I თანრიგით). მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1915–16 მსა­ხურობდა კავკასიის კაზაკთა პირ­ველი დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად; 1918-მდე იმყოფებოდა ირანში რუსული ჯარების შემადგენლობაში. 1918-იდან მსახურობდა ქართულ ჯარში, ქართ. კორპუსის მე-2 დივიზიის მეთაურად. 1919 წ. 17 თებერვალს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა სა­ქართვ. დიპლომატიური მისიის სამხ. ატაშედ აზერბაიჯანში. 1919 წ. 15 ივლისიდან მსახურობდა აზერბაიჯანის ჯარში, გენ. შტაბის მთავარი სამმართველოს გე­ნერალ-კვარტირმაისტერად. გენ.-მ-ის წო­დება მიანიჭა აზერბაიჯანის რესპ. მთავრობამ „განსაკუთრებული დამსახურებისათვის ­აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინაშე" (24. III. 1920, №6 ბრძანებულება). 1920 წ. 28 აპრილს წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის ტე­რიტ. დაკავების შემდეგ დაინიშნა სპარსეთის საბჭოთა რესპ. არმიის მთავარსარდლად. 1920 ნოემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ს. ორჯონიკიძის პი­რადი განკარგულებით. 1920 დასასრულიდან ცხოვრობდა ირანში. იყო თეირანის საპატიო მოქალაქე, ორგანიზაცია „თეთრი გიორგის" ერთ-ერთი დამაარსებელი; კ-ის ავტორობით („გურჯი ხანის" ფსევდონიმით) სპარსულ ენაზე გამოიცა მთელი რიგი სამხ. სახელმძღვანელოები. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავის, „თამარ მეფის" სხვა­და­სხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია თეირანის რუსულ სასაფლაოზე.

ლიტ.: გ ო გ ი ტ ი ძ ე  მ., ბ ე ჟ ი ტ ა ­შ ვ ი ­ლ ი  გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.

მ. გოგიტიძე