კარბელაშვილი პოლიევქტოს გრიგოლის ძე (1855–1936), მუსიკოსი, მგალობელი, დეკანოზი, მწერალი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე. საქართვ. ეკლესიის წმინდანი. სწავლობდა გორის სას. სემინარიაში. ავტორია წიგნებისა „ქართული საერო და სასულიერო კილოები. ისტორიული მიმოხილვა" (1898) და „გამოჩენილი მგალობელნი და მწერალ მწიგნობარნი", სადაც განხილულია მიქაელ მოდრეკილის „იადგარი" და გამოთქმულია საყურადღებო შეხედულება საგალობლებში ჩართულ სამუსიკო ნიშნებზე. იგი თვლის, რომ ქართ. საეკლ. მუსიკა წარმართული ჰანგებიდან მომდინარეობს. ქართ. საგალობლები პოლიევქტოს და ვასილ კარბელაშვილებისაგან ჩაიწერა და ერთ კრებულად გამოსცა კომპოზიტორმა მ. იპოლიტოვ-ივანოვმა. იგივე მასალა ქალ-ვაჟთა გუნდისათვის დაამუშავა და კრებულის სახით გამოსცა ზ. ფალიაშვილმა (1910). აღსანიშნავია კ-ის საგამომცემლო მოღვაწეობა. მან მოამზადა და გამოსცა ძვ. ქართული ლიტერატურის ძეგლები – «„ვეფხისტყაოსნის" დამატებანი» („ივერია", 1880, №3), ანტონ პირველის „მზამეტყველება" (1892), იოანე საბანისძის „წმიდა მოწამე აბო თბილელი" (1899), „წმიდა ნინოს ცხოვრების" მეტაფრასული რედაქცია, რ-იც არსენ ბერს მიეწერება (XI–XII სს.), „ძველი ანჩისხატის ტაძარი ქ. ტფილისში" (ორივე – 1902), „ღვთისმშობლის მიერ სასწაულებრივი ხსნა კონსტანტინეპოლისა" (1903), „იონა ხელაშვილის ოქროს წყარო" (1905) და სხვ.
ლიტ.: ა ნ დ ღ უ ლ ა ძ ე ს., ძმები კარბელაშვილები, «მუსიკა», 2012, №4.
გ. ჩხიკვაძე
ს. ცაიშვილი