კარბელაშვილი ლუარსაბ ანდრიას ძე [5 (17). II. 1896, სოფ. მუხრანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი, – 5. XI. 1973, თბილისი], სტატისტიკოსი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1953), პროფესორი (1954), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1923 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. იმავე წელს იქვე დაიწყო მეცნ.-პედ. მოღვაწეობა. 1923–38 მუშაობდა რესპ. სახელმწ. სტატისტ. და საგეგმო ორგანოებში. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის ეკონ. გეოგრაფიის განყ-ბას და თსუ-ის ეკონ. გეოგრაფიის კათედრას.
კ. ავტორია მრავალი შრომის, რ-თა მნიშვნელოვანი ნაწილი სტატისტ., დემოგრაფიის, ეკონ. გეოგრაფიისა და საქართვ. ეკონ. პრობლემებისადმია მიძღვნილი. დიდი მუშაობა გასწია ეკონ. ტერმინოლოგიის დასამუშავებლად, 1958 გამოიცა კ-ის „სააღრიცხვოსტატისტიკური ტერმინოლოგია" (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), შეადგინა და გამოსცა პირველი სახელმძღვანელოები საშუალო („საქართველოს სსრ ეკონომიკური გეოგრაფია"; 1961–77, ქართ., რუს., სომხ., აზერბ. ენებზე) და უმაღლესი სკოლებისათვის („საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია"; 1973), შექმნა საქართვ. ეკონ. დარაიონების ბადე.
კ-მა საინტერესო მუშაობა გასწია ინდოეთში ქართველთა ნაკვალევის ძიების მიმართულებით. ამ საკითხს ეხება მისი ნაშრომები: „ქართველთა ნაკვალევი ინდოეთში" და „შუა საუკუნეების შესანიშნავი ქართველი მოგზაური".