კაპანაძე იასონ ლუკას ძე

კაპანაძე იასონ ლუკას ძე (ფსევდ. – თ ა ვ ბ ე რ ა) (19. XII. 1857, სოფ. ბოსლევი, შორაპნის მაზრა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 28. XII. 1931, იქვე), პედაგოგი. საქართვ. სახალხო მასწავლებელი. დაამთავრა ქუ­თაისის სას. სასწავლებელი (1876), ხელმოკლეობის გამო სწავ­ლის გაგრძელება ვერ შეძლო და მასწავლებლობის უფლების მო­საპოვებლად გამოცდები ­ჩააბარა. მოკლევადიანი პედ. პრაქტიკა გაიარა ხონში და 1877 ­მუშაობა დაიწყო სოფ. მარნის ­დაწყებით სკოლაში, სადაც 22 წელი მოღვაწეობდა. ი. გოგება­შვი­ლის დახმარებით, სკოლასთან ქართ. წიგნების მდიდარი ბ-კა შეიქმნა. 1897 კ. სოფ. ნიკორწმინდაში გადავიდა მასწავლებლად, ხოლო 1898 – სოფ. კაცხის სკოლაში, რ-იც ერთ-ერთ სანიმუშო სასწავლებლად აქცია. 1901 კ-მ მშობლიურ სოფელში გახსნა დაწყებითი სკოლა, რ-საც 30 წელი ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და. მისი ძალისხმევით სკოლა თავდაპირველად 2-კლასიანი სასწავლებელი გახდა, ხოლო შემდეგ 7-წლიან სკოლად გადაკეთდა. კ-ის მოღვაწეობის შედეგად გაუმჯობესდა სოფ. ბოსლევის რკი­ნი­გზის სადგურის მუშაობა, შეიქმნა საფოსტო განყ-ბა, დაარსდა შემნახველი სალარო, სოფლის საურთიერთო ამხანაგობა, ბ-კა-სამკითხველო და სხვ. კ. ეწეოდა ნაყოფიერ ლიტ. მუშაობასაც. მისი წერილები 1878- იდან იბეჭდებოდა მაშინდელ ქართ. და რუს. ჟურნ.-გაზეთებში და იმდროინდელი სა­ქარ­თვე­ლოს პედ. და საზ. ცხოვრების მრავალ საჭირბოროტო საკითხს ეხებოდა. კ-ს ეკუთვნის ბროშურა „სოფლის მასწავლებლის ხმა" (1906) და საისტ.-ეთნოგრ. ნარკვევი „სოფელი საჭილაო", რ-იც დაიბეჭდა კრებულში „Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа" (XXVII გამოშვება). კ. იყო ქარ­თველ­თა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრი (1893-იდან).

ლიტ.: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 1, თბ., 1953.

თ. ალიბეგა­შვი­ლი