კაპანაძე ლია დავითის ასული (დ. 8. III. 1934, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1979). 1959 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის (1959–70), კ. მარჯანიშვილის (1970–80) თეატრებში. დღემდე მ. თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსთაველის თეატრში – ლოლა (რ. ებრალიძის „თანამედროვე ტრაგედია"), მაიკო (ვ. როზოვის „ხალისიანი მეგობრები"), ჯენი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა"), სარე (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია"), აბიგაილი (ა. მილერის „სეილემის პროცესი"), ტატიანა (მ. გორკის „მდაბიონი"), ქალი (გ. ნახუცრიშვილის „ფიროსმანი"), იპოლიტა (უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი") და სხვ.; კ. მარჯანიშვილის თეატრში – ლია (პ. კაკაბაძის „სამი ასული"), ქურთი მეეზოვე (ჯ. იოსელიანის „ტაკიმასხარა"), დედა (ნ. დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა"), დალი (ჯ. მონიავას „აღუვსებელი საწყაული), კალანტაი (მ. შატროვის „30 ივლისი") და სხვ. მ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში – მარია ბოსეფა (ფ. გ. ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი"), ბებია (თ. ჯუჯენო ლილუს „ზვავი") და სხვ.
1963-იდან იღებენ კინოფილმებში. მთავარი როლი (პირიმზე) შეასრულა ფილმში „დიდი მწვანე ველი" (რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1967), სადაც ემოციურად, დამაჯერებლად გადმოსცა დრამა ცივილიზაციას მოწყვეტილი ახალგაზრდა ქალისა, რ-იც საკუთარი არჩევანის უფლების მოპოვებას ცდილობს. მონაწილეობს ფილმებში: „ფერისცვალება" (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1968), „დიდედები და შვილიშვილები" (რეჟ. ნ. მჭედლიძე, 1969), „წყალდიდობა" (რეჟ. თ. გოშაძე, 1970), „ლია, პაპა და პატარა მედოლე" (რეჟ. პ. ჩარკვიანი, 1973), „კაცები" (რეჟ. ბ. რაჭველიშვილი, 1974), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ" (რეჟ. ყ. მგელაძე, 1975), „ამბავი აფხაზი ჭაბუკისა" (რეჟ. ა. ჟღენტი, 1977), „ჰელადოს" (რეჟ. ყ. მგელაძე, 1979), „როგორ ვიცხოვრო უშენოდ" (რეჟ. ყ. მგელაძე, 1980), „საფეხური" (რეჟ. ა. რეხვიაშვილი, 1986), „ანემია" (რეჟ. ვ. კოტეტიშვილი, 1987), „ცოდვის დღესასწაული" (რეჟ. ე. ბადურაშვილი, 1990), „ვირთხა" (რეჟ. პ. მილორავა, 1991), „ტბა" (რეჟ. კ. კიკაბიძე, 1996), „ბოდვა" (რეჟ. თ. ბზიავა, 2003), მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ლუკა" (ნინა; რეჟ. გ. ბარაბაძე, 2016) და სხვ.
მ. კერესელიძე