კალაძე კარლო რაჟდენის ძე

კალაძე კარლო რაჟდენის ძე [16(29). III. 1907, სოფ. ეწერი (ჯიქთუბანი), ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 10. XII. 1988, თბილისი], პოეტი, დრამატურგი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1982). თავდაპირველად სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ – თბილისში. იყო ქართ. პროლეტარული მწერლობის წარმომადგენელი და მისი მეორე თაობის მეთაურთაგანი. 1968–77 მუ­შა­ობ­და გამომც. „მერანის" დირექტორად. პირველი ლექსები კაკი ეწერელის ფსევდონიმით გამოაქვეყნა 1920, ლექსების პირველი კრებული და პიესა „ტრაღედია, ოხ!" – 1926. 1928 ქუთაისის თეატრში (­ხელმძღვ. კ. მარჯანი­შვი­ლი) დაიდგა კ-ის პიესა „როგორ", ხოლო 1929 – პიესა „ხატიჯე". მისი დრამ. ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია კომედია „სახლი ­მტკვრის პირას" (1930).

XX ს. 30-იან წლებში დაწერილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია პოემა „უჩარდიონი" (1932), „მთების ეპოსი" (1934), ლექსების ციკლი „ხერთვისის განთიადები" (1935). II მსოფლიო ომის თემაზეა დაწერილი პოეტის ლექსები: „საქვეყნოდ ომის ხმა დარხეულა", „უსახელო მთის ბალადა", „ჩემი გმირი", „დიდი სამამულო ომი, თბილისი", „შეხვედრები ბრძო­ლის ველზე". ომისშემდგომი ნაწარმოებებია: „მზე ცეცხლის კვამლში ამოდიოდა" (1945–55), „მედინადი", „სიმღერები დნეპრის პირად" (ორივე 1949) და სხვ. 60–70-იანი წლებიდან აღსანიშნავია სამშობლოს, ადამიანის დანიშნულების, სიცოცხლისა და სიხარულის თემატიკაზე შექმნილი ლექსები („დღისა და ღამის წიგნი", „მამა", „სამოციანი წლები", „ლირიკა", „ჩემს ძალაში" და სხვ.). მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: ლექსები და პოემები, თბ., 1970; მხო­ლოდ ახა­ლი, მხო­ლოდ რჩეული, თბ., 1976.