კაკუშაძე ზურაბ ჯემალის ძე (დ. 25. III. 1973, თბილისი), ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფინანსური მათემატიკისა და რაოდენობრივი ფინანსების სპეციალისტი. 1988–91 სწავლობდა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტზე, 1996 დაამთავრა კორნელის უნ-ტი (აშშ) და მიენიჭა PHD ხარისხი ფიზიკაში. 1996–99 მუშაობდა ჰარვარდის უნ-ტში (აშშ), 1999–2002 იყო ნიუ-იორკის სტონი ბრუკის (Stony Brook) უნ-ტის თეორიული ფიზ. ინ-ტის პროფესორი, 2002–07 – კანადის საინვესტიციო ბანკის „RBC Capital Markets Corporation“ დირექტორი, 2007–08 – რაოდენობრივი საინვესტიციო ფირმის „World Quan“ მმართველი დირექტორი, 2008–09 – „Revere Data“ ფირმის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. ამავდროულად, 2003–12 ხელმძღვანელობდა „Fynance Consulting“ ფირმას. 2008-იდან არის „Quantigic®Solutions LLC“ კომპანიის პრეზიდენტი. 2013 მუშაობდა კონექტიკუტის (აშშ) უნ-ტის პროფესორად, 2014-იდან თბილისის თავისუფალ უნ-ტში ფიზ. და ბიზნესის სკოლების პროფესორია.
კ-ის სამეცნ. კვლევების სფეროა მაღალი ენერგიების ფიზიკა, სიმების თეორია, გრავიტაცია, მათ. ფიზიკა, ფინანსური მათემატიკა, რაოდენობრივი ფინანსები. არის ფუნდამენტური სამეცნ. ნაშრომების ავტორი თეორ. ფიზიკაში, რისკების სტატ. თეორიასა და მის გამოყენებებში. 15 წლის ასაკში გაიმარჯვა ფიზიკის ოლიმპიადებში საქართველოსა (1988, თბილისი, თეორ. ფიზიკა, კომპიუტერული მოდელირება, ექსპერ. ფიზიკა) და სსრკ სტუდენტთა შორის (1988, კიშინიოვი, თეორ. ფიზიკა). 1983– 85 მონაწილეობდა რ. დოღონაძის მიერ ორგანიზებული სამეცნ. სტუდენტური წრის მუშაობაში. 1994 მოიპოვა ეტორე მაიორანას ცენტრის (იტალია) პოლ დირაკის სახ. სტიპენდია, 2001 – ალფრედ სლოუნის ფონდის სტიპენდია.
თხზ.:String Expansion as Large N Expansion of Gauge Theories, «Nuclear Physics», B523, 1998 (თანაავტ.: M. Bershadsky, C. Vafa); Brane World, «Nuclear Physics», B548, 1999 (თანაავტ. S.-H. Henry Tye); Factor Models for Cancer Signatures, «Physics», 462, 2016 (თანაავტ.: Willie Yu); Statistical Risk Models, «The Journal of Investment Strategies», 6, 2017 (თანაავტ.: Willie Yu).
ი. ლომიძე