კაპანაძე გოჩა სევერიანის ძე (დ. 29. XI. 1966, ზესტაფონი), თეატრის მსახიობი და რეჟისორი. 1986 დაამთავრა თბილ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი, 1993 – პარიზის პ. ბრუკის საერთაშ. თეატრ. ცენტრი. 1986-იდან არის შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი და რეჟისორი, 1993-იდან– თეატრისა და კინოს სახელმწ. უნტის პედაგოგი, 2005–10 – თბილ. ჰ. ალიევის სახ. აზერბაიჯანული დრამ. თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 2010-იდან – რუსთავის მუნიციპალური თეატრის, ხოლო 2014-იდან – ცხინვალის ი. მაჩაბლის სახ. სახელმწ. პროფ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული სპექტაკლები: რუსთაველის თეატრში – ფ. გ. ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი", ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი", რ. ჰარვუდის „მოხუცი ჯამბაზები" და სხვ.; თავისუფალ თეატრში – ევრიპიდეს „მედეა", რ. გაბრიაძის „სამოთხის ჩიტი", ფ. გ. ლორკას „სისხლიანი ქორწილი"; რუსთავის თეატრში – დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი", ე. დე ფილიპოს „მილიონერი ნეაპოლი" და სხვ.; აზერბაიჯანულ თეატრში – ქ. აბდულას „ერთი, ორი, სამი…", გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი", ა. ჩეხოვის „ხელის თხოვნა" და სხვ.; ცხინვალის თეატრში – მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების", „კვაჭი კვაჭანტირაძის", ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" სცენური ინტერპრეტაციები. კ-ის მიერ თეატრში განხორციელებული როლებიდან აღსანიშნავია ჰამლეტი (უ. შექსპირის „ჰამლეტი", რეჟ. ა. ვარსიმაშვილი; სახელმწ. პრემია; 2000), არისტო, ცხენი (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი"; რეჟ. გ. ჟორდანია). კ-ის რეჟისურით განხორციელებულ სპექტაკლ „მარიამ სტიუარტს" ვაიმარის XV საერთაშ. თეატრ. ფესტივალზე (გერმანია) მიღებული აქვს გრანპრი. შესრულებული აქვს როლები შემდეგ ფილმებში: "ბესამე" (რეჟ. ნ. ახვლედიანი, 1989), „სტუმრები" (რეჟ. დ. ცინცაძე, 1991), „გარიგება" (რეჟ. ზ. კოლელიშვილი, 2011) და სხვ. დადგა რამდენიმე სპექტაკლი გერმანიაში, საბერძნეთში, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში.
თ. კახიანი