კასპის სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. XIV–VIII სს.) სამაროვანი ქ. კასპში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, მდ. ლეხურის მარჯვ. ნაპირზე. 1962–63 ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლ. და ეთნოგრაფიის ინტის მცხეთის არქეოლ. ექსპედიციის კასპის რაზმმა (ხელმძღვ. ა. კალანდაძე, რაზმის უფროსი მ. ბარამიძე) გათხარა ქვაყრილიანი და მიწაყრილიანი ქვაყუთები, აგრეთვე სწორკუთხა (1,5მ ×1მ) და ოვალური ფორმის ორმოსამარხები, რ-ებიც უმეტესად გადახურულია ხის ძელებით და მიწით ან ქვით არის მოზვინული, აგრეთვე 1 კენოტაფი. ორი ორმოსამარხი თიხაფიქლის ქვებით იყო გადახურული. გვხვდება როგორც ინდივიდ., ისე წყვილადი სამარხები. მიცვალებული მოთავსებულია ხელფეხმოხრილ მდგომარეობაში და ძირითადად დამხრობილია ჩრდიდან სამხრ-კენ. ქალების ჩონჩხი დასვენებულია მარცხ. გვერდზე, მამაკაცების კი – მარჯვენაზე. იშვიათია ქალების მარჯვ. გვერდზე ან ზურგზე დაკრძალვის შემთხვევა. ზოგიერთ სამარხში ჩატანებულია წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ნაწილები.
გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ადრინდ. ეტაპის (ძვ. წ. XIV–XIII სს. დასაწყისი) სამარხებში გამოვლინდა უმეტესად ჩარხზე დამზადებული კერამიკა (დერგები, ქილები, ქოთნები, ლანგრები, სასმისები, პირმოყრილი ჭურჭელი), სამკაული (თავხვია, სადა ან გრეხილტარიანი, მრგვალგანივკვეთიანი, ოთხი კოპით შემკული მრგვალთავა საკინძები, სარდიონის ნაპობი მძივები და სხვ.). გვიანდ. ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII–XII სს.) სამარხებში გვხვდება მრავალფეროვანი დახვეწილი კერამიკა; იარაღიდან – "კახური" სატევარი, რელიეფურსალტეებიანი შუბისპირი და სხვ. მომდევნო, ბრინჯაოდან რკინის ხანაზე გარდამავალი პერიოდის (ძვ. წ. XI–X სს.) სამარხებში წარმოდგენილია ბრინჯაოს მთლიანსხმული მახვილები, ორნამენტიანი შუბისპირები, მრგვალთავიანი საკინძები. კერამიკული ნაწარმიდან – ლითონის ჭურჭლის მიბაძვით დამზადებული სასმისები და მთლიანი ბადიები. ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. IX–VII სს.) სამარხებში აღმოჩნდა რკინის მასრაგახსნილი შუბისპირები, ოვალური და გრძელი სწორკუთხაყუნწიანი სატევრები, მოხრილი დანები; ბრინჯაოს გრძელყუნწიანი ორფრთიანი ისრისპირები, ბოთლისებურთავიანი და სხვაგვარი საკინძები.
მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე მ., კასპის სამაროვანი, წგ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.
რ. რუსიშვილი