კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

კასპი. მხარეთმცოდნეო­ბის მუზეუმის სა­ექსპოზიციო დარბაზი.

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ისტორიული მუზეუმი ქ. კასპში (ააიპ – ­არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი), დაარსდა 1960 წ. 22 ივნისს. კ. მ. მ. ექვემდებარება კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანებას. მუზეუმის ფართობია 633 მ 2, აქედან მუდმივ ექსპოზიციას უჭირავს 199 მ 2, პერიოდულ გამოფენებს – 200 მ 2, საცავს – 108 მ 2.

მუზეუმის ჩამოყალიბებისას არც ერთი ექსპოზიცია და სამუზეუმო კოლექცია არ არსებობდა. პირველი ექსპოზიცია კ. მ. მ-ში 1963 წ. 5 ოქტომბერს გაიხსნა, დღეისათვის სამუზეუმო ფონდებში ითვლება 20 ათ-ზე მეტი ექსპონატი და სამუზეუმო მასალა.

კ. მ. მ-ში და­ცუ­ლია კასპის, რენეს, მეტეხის, თეზის ტერიტორიებზე არქეოლ. გათხრების შედეგად მოპოვებული ადრე- და შუაბრინჯაოს ხანის მასალები, ყორღანებიდან მოპოვებული ძვ. წ. III–I ათასწლეულებით დათარიღებული ნივთები, ძირითადად თრიალეთის კულტურისთვის და­მახასიათებელი კერამიკა; გვიანბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ძვ. წ. XIV–XII სს-ით დათარიღებული სამოსელის დეტალები, ცხენის აღკაზმულობა, სამუშაო და საბრძოლო იარაღი (აღმოსავლეთქარ­თული ცულები, სატევრები, შუბისპირები; ძვ. წ. XIII–VII სს.), სოფ. სასირეთში შემთხვევით აღმოჩენილი მოოქრული ვერცხლის დისკო (ძვ. წ. III ს.), ელი­ნისტური ხანის დიონისეს ქანდაკება (ბრინჯაო, ძვ. წ. III–II სს.) და სამტუჩა სურა-ოინოხოია (ახ. წ. I ს.), შუა საუკუნეების თიხის მოჭიქული ჭურჭელი.

მუზეუმში პერიოდულად ეწყობა გამოფენები.

კ. მ. მ-ში მოქმედებს ­საგანმან. პროგრამები: "ეს ჩვენი წარ­სულია", "გაკვეთილი მუზეუმში", "მუ­ზეუმი – სიძველეთსაცავი". მუზეუმი გამოსცემს გზამკვლევს. მას ყოველწლიურად სტუმრობს დაახლ. 600 დამთვალიერებელი.

კ. მ. მ-ს აქვს 4 ფილიალი: ივ. ჯავახი­შვი­ლის (სოფ. ხოვლე), გენერალ გ. მაზნია­შვი­ლის (სოფ. სასირეთი), ა. და მ. ჯამბაკურ-ორბელიანების (სოფ. ლამისყანა), ო. კელაპტრი­შვი­ლის (სოფ. კავთისხევი) სახლ-მუზეუმები.

თ. ალიბეგა­შვი­ლი