„დომ პოდ ჩინარამი“, („Дом под чинарами" – „სახლი ჭადრების ქვეშ"), ლიტერატურული ალმანახი რუსულ ენაზე, საქართვ. მწერალთა კავშირის რუსული სექციის ორგანო.
დაარსდა თბილისში 1969, 1974-იდან გამოდიოდა ყოველწლიურად. ალმანახში იბეჭდებოდა საქართველოში მცხოვრები როგორც ცნობილი რუსულენოვანი მწერლების, ასევე დამწყებ ავტორთა ნაწარმოებები (პროზა, პოეზია, დრამატურგია, კრიტიკა, პუბლიცისტიკა და სხვ.), შუქდებოდა თანამედროვეობის საჭირბოროტო პრობლემები.
აღსანიშნავია მ. ზლატკინის, ბ. ბებუთოვისა და სხვ. მოგონებები, სტატიები მხატვრული თარგმანის პრობლემებზე. სარედაქციო კოლეგიაში სხვადასხვა დროს შედიოდნენ მ. ზლატკინი, ლ. კალანდაძე, მ. ლოხვიცკი (შემდგენელი), ე. ფეიგინი, გ. ციციშვილი, ხ. ბერულავა, ი. ბოგომოლოვი, გ. ონანიანი, უ. რიჟინაშვილი.
ალმანახის ბოლო ნომერი გამოვიდა 1989.