თარხნიშვილი ელენე იოსების ასული [28. III. 1881, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი, – 2. VIII. 1961, ქ. რეჯო-დი-კალაბრია (იტალია)], საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი (კოლორატურული სოპრანო). დაწყებითი მუს. განათლება მიიღო თბილისში, ი. რატილთან. 1905 სასწავლებლად გაემგზავრა პეტერბურგში (ვოკალის პედაგოგი – ქ-ნ ფინდაკე), ხოლო 1908 – იტალიაში (პედაგოგი – ე. დოტი). იტალიაში თ-ს მეურვეობას უწევდა იმხანად იქ მყოფი ვ. სარაჯიშვილი. 1910 კონკურსის შედეგად ჩაირიცხა მილანის „ლა სკალას” საოპერო დასში, წარმატებით ასრულებდა წამყვან პარტიებს ჯ. ვერდის „ტრავიატას”, პუჩინის „ბოჰემასა” და „ჩიო ჩიო სანში”; დასთან ერთად გასტროლები გამართა ამერიკაში. 1911 ჩამოვიდა საქართველოში, მონაწილეობა მიიღო თბილ. ოპერის თეატრის სპექტაკლებში (ჯ. ვერდის „ტრავიატა” და „რიგოლეტო”). 1913 კვლავ იტალიაშია. წარმატებით გამოდის ამერიკის, გერმანიის და სხვა ქვეყნების საოპერო სცენებზე. 1924–25 მისი უკანასკნელი სეზონი იყო. ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა სცენას. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.
ა. ცამციშვილი