თარხან - მოურავი, თარხანოვი ივანე რამაზის ძე

თარხან-მოურავი, თარხანოვი ივანე რამაზის ძე [3(15). VI. 1846, თბილისი, – 24. VIII (6. IX). 1908, პეტერბურგი], ფიზიოლოგი, გენ.-მაიორი (დაახლ. 1903). 1863–64 სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბაზე. 1869 დაამთავრა პეტერბურგის სამედ.-ქირურგ. აკადემია. სამეცნ. მუშაობა ფიზიოლოგიაში დაიწყო სტუდენტობიდან ი. სეჩენოვის ხელმძღვანელობით. 1871 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სიცივისა და სითბოს გავლენა ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე”.

იმავე წელს თ. გაემგზავრა თბილისში, სადაც წაიკითხა საჯარო ლექციების ციკლი ფიზიოლოგიაში. 1873 თ. 2 წლით გაგზავნეს საზღვარგარეთ, სადაც მუშაობდა ცნობილ სამეცნ. ლაბორატორიებში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მიიწვიეს პეტერბურგის სამედ.-ქირურგ. აკადემიაში პრივატდოცენტად, ხოლო შემდეგ (1877–95) – პროფესორად. 1895 განსხვავებული პროგრ. შეხე­დულებების გამო იძულებული გახდა აკადემია დაეტოვებინა. 1895–1901 ლექციებს კითხულობდა პეტერბურგის უნ-ტში. 1901 მიიწვიეს ბრიუსელში ფიზიოლ. ლექციების წასა­კითხად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ადამიანის კანში ელექტრო-მამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვა­და­სხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქ. ზემოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს მსოფლიო ლიტ-რაში „თარხანოვის ფენომენად” იხსენიებენ. თ-მა შეისწავლა ­ცენტრ. ნერვული სისტემის ფუნქციები, მ. შ. ძილის და ჰიპნოზის მოვლენები, სეკრეციის საკითხები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედება. ცხოველებში ბიოელექტრული მოვლენების კვლევისას აღწერა (1889) ფსიქოგალვანური რეფლექსი. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სხივების მოქმედება და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. მუშაობდა აგრეთვე ასაკობრივი ფიზიოლ. საკითხებსა და სოც. ჰიგიენის პრობლემებზე. თ. ეწეოდა ბიოლ. და მედ. საკითხების ფართო პოპულარიზაციას რუსეთსა და სა­ქარ­თვე­ლო­ში – კითხულობდა ლექციებს, აქვეყნებდა სამეცნ.პო­პულ. ნაშრომებს. მისი ხელმძღვანელობით მრავალი ახალგაზრდა მეცნიერი აღიზარდა (ბ. ვერიგო, ნ. ციბულსკი, ვ. ჩაგოვეცი და სხვ.). იყო სამამულო სამედ. საზ-ბების და საბუნებისმეტყველო საზ-ბის წევრი, პარიზის ბიოლ. საზ-ბის წ.-კორ., ჰალეს აკადემიის წევრი. 1900 პარიზის საერთაშ. გამოფენაზე „საპატიო ლეგიონის” ორდენით დააჯილდოვეს.

ლიტ.: ერისთავი კ., სემენ­სკაია ე., ი. თარხნი­შვი­ლი, თბ., 1962; Научное наследие И. Р. Тархнишвили (Тарханова), Тб., 1962; Саакашвили М. Г., Иван Рамазович Тархнишвили (Тарханов), Тб., 1963.

თ. იოსელიანი