კაკაბაძე დავით ნესტორის ძე [8(20). VIII. 1889, სოფ. კუხი (დიდი კუხი), ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 10. V. 1952, თბილისი], ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების თეორეტიკოსი, გამომგონებელი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1950). ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს (1900–09) აქვეყნებდა ნახატებს ქართ. პერიოდულ პრესაში. 1910–16 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტში (ბიოლოგის დიპლომით დაამთავრა ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა), პარალელურად – მხატვარ ლ. დმიტრიევ-კავკაზსკის სახელოსნოში. ამ პერიოდში კ-მ დაიწყო ძვ. ქართ. ხელოვნების კვლევა. პირველი თეორიული ნაშრომი მიუძღვნა ბეშქენ ოპიზარს. პეტერბურგში ყოფნისას გაეცნო უახლეს მიმდინარეობებს რუსულ და დასავლეთევროპულ მხატვრობაში. ამავე პერიოდს განეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში ნატურიდან შესრულებული პეიზაჟები, ავტოპორტრეტები ("ავტოპორტრეტი სარკესთან", 1913, საქართვ. ეროვნ. მუზეუმი; "ავტოპორტრეტი ბროწეულებით", 1913; "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში", 1917 – ორივე კერძო საკუთრება); დედის (კერძო საკუთრება), მამის (კერძო კოლექცია, რუსეთი; ორივე 1914) და ძმის (დ. კაკაბაძის სახ. ქუთაისის გალერეა; 1915) პორტრეტები. ასევე ქმნიდა კუბისტურ სურათებს ("დასაფლავება იმერეთში", 1913 და "კუბისტური ავტოპორტრეტი", 1914 – ორივე მხატვრის ოჯახის საკუთრება).
1918 დაბრუნდა საქართველოში. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მკაფიო თავისებურებების მქონე მხატვრის, შემოქმედებითი სახე; ამ დროს შექმნა იმერეთის პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. ადრინდელი პეიზაჟებისგან განსხვავებით, ისინი უშუალოდ ბუნებას კი არ ასახავდნენ, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილ პრინციპებზე აგებულ სურათებს. მათში მოცემულია იმერეთის ბუნების განზოგადებული სახე. კომპოზიციებს ახასიათებს ნათელი, კლასიკური ტექტონიკურობა ("პეიზაჟი წითელი გზით", "პეიზაჟი ციხითა და მდინარით", 1918, ორივე მხატვრის ოჯახის საკუთრება). სურათზე "იმერეთი - დედაჩემი" (1918) მხატვრისთვის ჩვეული პეიზაჟის ფონზე გამოსახულია დედის პორტრეტული ფიგურა, რ-საც სიმბოლური დატვირთვა აქვს. სურათზე, რ-ის გრაფიკული გამოსახულება მოცემულია ამჟამინდელ ქართულ 10-ლარიან ბანკნოტზე, განზოგადებულია დედის და სამშობლოს იდეა. ამავე წელს არის შექმნილი ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო "იმერული ნატიურმორტი" (ორივე – საქართვ. ეროვნ. მუზეუმი). იმავე პერიოდს განეკუთვნება ძვ. თბილისის ამსახველი ნახატები და წაღვერის სერია (მხატვრის ოჯახის და სხვადასხვა კერძო კოლექციის საკუთრება). 1919 დამოუკიდებელი საქართვ. მთავრობის სტიპენდიით კ. პარიზში გაემგზავრა. საფრანგეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა" საზ-ბის ყოველწლიურ გამოფენებში. შ. ქიქოძესთან და ლ. გუდიაშვილთან ერთად მოაწყო გამოფენა გალერეა "ლა ლიკორნში" (1921). 1926 მისი 19 ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკში, ბრუკლინის მუზეუმში, მოდერნისტული ხელოვნების საერთაშ. გამოფენაზე, რ-იც მოაწყვეს ამერიკელმა მხატვარმა და კოლექციონერმა ქეთრინ დრაიერმა და ფრანგმა მხატვარმა მარსელ დუშანმა. აქედან მისი აბსტრაქტული ქანდაკება და 15 აკვარელი გადაიტანეს იელის უნტის სამხატვრო გალერეის კოლექციაში, სადაც დღემდე ინახება. მისი ერთი კოლაჟი ინახება ლისაბონის ბერარდოს მუზეუმში.
უცხოეთში კ. კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, გამოიგონა სტერეო კინოსაპროექციო აპარატი (მიიღო ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი). გამოაქვეყნა თეორიული ნაშრომები ხელოვნების დარგში (ქართ. და ფრანგ. ენებზე). ამ პერიოდშიც კ-ის შემოქმედებაში ვითარდება ორი მიმართულება: ერთი მხრივ, ის ქმნის სურათებს, რ-საც შთააგონებს რეალური სამყარო [პარიზის ჩანახატები, აკვარელების სერია "ბრეტანი" (შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის და კერძო კოლექციონერთა საკუთრება), "წურბელების გამყიდველი", "ბანანების გამყიდველი" (ადგილსამყოფელი უცნობია)], და, მეორე მხრივ, – კუბისტურ კომპოზიციებს, კოლაჟებს, აბსტრაქტულ ფერწერულ სერიებს (შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის და კერძო კოლექციონერთა საკუთრება). კ-მ ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ბიომორფული, ანუ ორგანული სიურეალისტური აბსტრაქციები (1921–27).
1927 ბრუნდება საქართველოში. წამოსვლის წინ ქმნის ალეგორიულ სურათს "ინდუსტრია" (შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი). საქართველოში დაბრუნების შემდეგ რეჟისორ კ. მარჯანიშვილის მიწვევით მუშაობას იწყებს სცენოგრაფიის დარგში. გააფორმა მრავალი სპექტაკლი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ", 1928; პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", 1929; შ. დადიანის "ნინოშვილის გურია", 1932; პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", 1946 – ყველა კ. მარჯანიშვილის თეატრი; ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი", 1947 – რუსთაველის თეატრი; პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი", 1947 – ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვ.). მუშაობდა აგრეთვე კინოს მხატვრად ("ჯიმ შვანთე", რეჟ. მ. კალატოზიშვილი, 1930; "დაკარგული სამოთხე", რეჟ. დ. რონდელი, 1936 და სხვ.). კ-ის მიერ შექმნილ დეკორაციებს ახასიათებს ფუნქციური მიზანშეწონილობა, დრამატურგიისა და დადგმის სტილის ერთიანობა. ამავე პერიოდში აქტიურად მუშაობდა ფერწერისა და გრაფიკის განხრით. იგი კვლავ დაუბრუნდა იმერეთის პეიზაჟის თემას. XX ს. 30-იანი წლებიდან, შეძლებისდაგვარად სოციალ. რეალიზმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები ("რიონჰესი", 1934, "ყაზბეგი", "ფოთი - ელევატორი", – 1949, ყველა შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი, "სვანეთი – მადნის დამუშავება", 1949, კერძო საკუთრება). სურათები კომპოზიციურად აგებულია მისთვის დამახასიათებელი სტილით, თუმცა ციხის ნანგრევებს ცვლის ახალი ობიექტები და თემები – ელექტროსადგური, მშრომელთა დემონსტრაცია და სხვ. ("მიტინგი იმერეთში", 1942, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი). იმავე წლებში ქმნის თბილისისა და მისი შემოგარენის, აგრეთვე, სვანეთის პეიზაჟებს (ყველა – მხატვრის ოჯახის საკუთრება). 1928–48 კ. იყო თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1933–42 – პრორექტორი. 1948 მოსკოვის კომისიის დასკვნის საფუძველზე, როგორც ფორმალისტი, გაათავისუფლეს სამხატვრო აკადემიიდან. ამის შემდეგ იგი უშედეგოდ ეძებდა სამუშაოს. 1950 გამოიგონა სიბრტყითი გამოსახულებიდან მოცულობითის მიღების მეთოდი, რის გამოც შეიძლება ჩაითვალოს ჰოლოგრამის შექმნის ერთ-ერთ წინამორბედად, თუმცა ამ მეთოდით სტალინის გამოსახულების შექმნის საშუალებაც კი არ მისცეს. განუწყვეტელი დევნით მორალურად და ფიზიკურად განადგურებული მხატვარი გულის ინფარქტით გარდაიცვალა.
კ. არის მოდერნიზმის ეპოქისა და ახ. ქართ. ხელოვნების ერთერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. მის მიერ შექმნილი სურათები დიდი კომპოზიციური ოსტატობით, ფერადოვანი დახვეწილობითა და სიფაქიზით არის შესრულებული. რაციონალურობასთან ერთად მის ნამუშევრებში მჟღავნდება განსაკუთრებული პოეტურობა. კ-მ პირველმა შექმნა ქართული ბუნების ამსახველი განმაზოგადებელი სურათი.
დიდი მხატვრული ღირსებებით გამოირჩევა კ-ის მიერ ადრინდელ პერიოდში შექმნილი პორტრეტები. იგი არის თეატრისა და კინოს მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა მოდერნიზმის ეპოქის ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს კლასიკური და ავანგარდული საწყისები.
კ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: Du Tableau Constructif, P., 1921; "პარიზი: 1920, 1921, 1922, 1923", პარიზი, 1924; ხელოვნება და სივრცე, პარიზი, 1926; თბ., 1983.
ლიტ.: კ ი ნ წ უ რ ა შ ვ ი ლ ი ქ., ჯ ა ნ ი ა შ ვ ი ლ ი დ., დავით კაკაბაძე, თბ., 2013; მ ა რ გ ვ ე ლ ა შ ვ ი ლ ი პ., დავით კაკაბაძის არქივიდან, თბ., 1988 (გამოც. მე-2, 2009); მ ე ძ მ ა რ ი ა შ ვ ი ლ ი მ., ლ ე ბ ა ნ ი ძ ე დ., დავით კაკაბაძე, თბ., 1999; რ ჩ ე უ ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., დავით კაკაბაძე, თბ., 1966; მ ი ს ი ვ ე , დავით კაკაბაძე, თბ., 1983; Алибегашвили Г., Давид Какабадзе, Тб., 1958; Б е р и д з е В., М е д з м а р и а ш в и л и М., Л е б а н и д з е Д., Давид Какабадзе, М., 1989; К и н ц у р а ш в и л и К., Давид Какабадзе – классик XX века, СПб., 2002; K i n t s u r a s h v i l i K., David Kakabadze: Georgian Modern Artist and Inventor, N.Y., 2013.
ვ. ბერიძე
ქ. კინწურაშვილი