კაკაბაძე ეთერ სილოვანის ასული (დ. 7. XI. 1926, თბილისი), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1966). 1950 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკ-ტი (პედაგოგები: ი. ნიკოლაძე, კ. მერაბიშვილი, დ. გაბაშვილი). ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებლებში (1957– 67), თბილ. სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრაზე (1967–2011), პროფესორი (1994). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1949-იდან. ძირითადი ნამუშევრები: „მამაკაცის პორტრეტი" (1952, ბრინჯაო), „კოტე მარჯანიშვილის პორტრეტი" (1952, მარმარილო), „მედეა ჯაფარიძის პორტრეტი" (1953, მარმარილო), „ნანა" (1954, ტერაკოტა), „ბიჭის პორტრეტი" (1955, მარმარილო), „დემობილიზებული" (1964, ბრინჯაო), დეკორატიული ბარელიეფი (1966, ქვა), „საბჭოთა კავშირის გმირის პაპუაშვილის" პორტრეტი (1972, ბრინჯაო), მონუმ. - დეკორატიული ფიგურა „კარდიოლოგია"(1985, ბრინჯაო, კარდიოლოგიური ცენტრი, მოსკოვის ოლქი), გრაფიკული სერია „ნიუ" (2001–09). მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის აღმ. ხალხთა ხელოვნების და შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, თელავის, ქუთაისის, ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში. არის მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ლაურეატი (1957). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2002).