კაკაბაძე ზურაბ მეთოდეს ძე (13. III. 1926, თბილისი, – 15. II. 1982, იქვე), ფილოსოფოსი, თანამედროვე დასავლური ფილოსოფიისა და კულტურის მკვლევარი, ფილოს. მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1950). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტის ესთეტიკის განყბის გამგე (1967–82).
კ. იკვლევდა ეთიკის, ესთეტიკის, დას. ფილოსოფიისა და კულტურის ძირეულ პრობლემებს. მისი ყველა გამოკვლევის ძირითადი მამოძრავებელია ადამიანის ბუნების რაობა და ბედი თანამედროვე სამყაროში. ამ საკითხების კვლევა კ-მ დაიწყო ე. ჰუსერლის ფენომენოლოგიური ფილოს. ღრმა ანალიზით, უჩვენა ამ მოძღვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ადამიანის პრობლემის პოზიტიური ფილოს. კვლევისათვის მისი გამოყენების შესაძლებლობანი. დამაჯერებლად გააკრიტიკა ობიექტივისტური და, საერთოდ, პოზიტივისტური თვალსაზრისი ადამიანის შესახებ, ნათელყო "ტექნიკური გაუცხოების" ბუნება. ეს საკითხი გაშუქებულია ნაშრომში «"ეგზისტენციალური კრიზისის" პრობლემა და – ე. ჰუსერლის "ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია"», რმაც ფართო გამოხმაურება პოვა. ადამიანს კ. მოიაზრებს როგორც თავისუფალ შემოქმედს და მოქმედ არსებას, რ-იც სწორედ ამის გამო პასუხისმგებელია იმ საზ-ბისა და სამყაროს წინაშე, რ-შიც იგი ცხოვრობს.
კ-ის მნიშვნელოვანი ნაშრომია "ადამიანი როგორც ფილოსოფიური პრობლემა" (1970; გამოქვეყნდა იაპონურ ენაზე 1971). მრავალრიცხოვან წერილებში, რ-ებიც საკუთრივ ესთეტ. ფენომენს ეხება, კ. აყენებს თანამედროვე ადამიანის წინაშე მდგარ ცხოვრების საზრისის პრობლემას. მისი თარგმანები და მათი ანალიზი მკითხველს უჩვენებდა არა მარტო დასავლეთის კულტურის განვითარების რთულ პროცესს, არამედ სწორ მიმართულებასაც აძლევდა საკუთარი კულტურის სადღეისო პრობლემებში გასარკვევად და მისი შემდგომი განვითარების გზების ასარჩევად.
კ-ის უკანასკნელი ნარკვევები, ძირითადად, ბუნებისა და ადამიანის მიმართების პრობლემას ეძღვნება; მისთვის ადამიანი ერის ორგანული ნაწილია, ერი კი კავშირშია მშობლიურ მიწასთან – გარემოს დიდი როლი ენიჭება ადამიანის ფსიქიკური და ფიზიკური ფორმირების სპეციფიკაში. კ-ის აზრით, რეალური ადამიანის, როგორც კონკრეტულ ბუნებრივ გარემოსა და კონკრეტულ სოციალურ წყობაში ჩამოყალიბებული თავისუფალი არსების, მიუკერძოებელი ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ასაბუთებს სამყაროს შემეცნებისა და, საერთოდ, საკაცობრიო კულტურის წარმატებული განვითარებისათვის ეროვნ. ენათა და ეროვნ. კულტურათა მრავალფეროვნების აუცილებლობას.
კ. ავტორია ქართ., რუს., გერმ., ინგლ., იაპონურ, პოლონურ ენებზე გამოქვეყნებული მრავალი ნაშრომისა.
თხზ.: წერილები, თბ., 1972; ხელოვნება, ფილოსოფია, ცხოვრება, თბ., 1979; რჩეული ფილოსოფიური შრომები, ბათ., 2012; ფილოსოფია და ცხოვრება, ბათ., 2012; Проблема экзистенциального кризиса и трансцендентальная феноменология Э. Гуссерля, Тб., 1966 (1985 – ქართ. ენაზე); Человек, как философская проблема, Тб., 1970 (1971 – იაპონურ ენაზე); Феномен искусства, Тб., 1980.
გ. თევზაძე