კაკაბაძე ნოდარ მეთოდეს ძე (24. I. 1924, თბილისი, – 16. IX. 2007, იქვე), ლიტერატურათმცოდნე, გერმანისტი, პედაგოგი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1971). 1954–2006 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში დას. ევროპის ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტზე. უძღვებოდა საზღვარგარეთის ლიტ-რისა და გერმ. ლიტრის (მოდერნიზმი) ისტორიის კურსებს, ასევე ლირიკის თეორიისა და რომანის თეორიის სპეც. კურსებს. 1991–96 იყო ამავე ფაკტის დეკანი, 1975–2001 – გოეთეს საერთაშ. საზ-ბის თბილისის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2001–07 – პრეზიდენტი.
კ-ის კვლევის ძირითადი სფერო იყო მოდერნისტული და XX ს. II ნახ. გერმანულენოვანი ლიტ-რა: თ. მანის, ჰ. მანის, ფ. კაფკას, გ. ჰაუპტმანის, ბ. ბრეხტის, ჰ. ბიოლის და სხვ. შემოქმედება. თ. მანის შემოქმედებას მიუძღვნა ნაშრომები: "თომას მანი: ადრეული შემოქმედება" (1967), "თომას მანი და ნიცშე" (1971, რუს. ენაზე), "თომას მანი და დოსტოევსკი" (1976, ქართ., რუს. და გერმ. ენებზე); ასევე სტატიები: "თომას მანი (1875–1955)" (1964), "თომას მანის უცნობი ნაწერები" (1986), "თომას მანი და შილერი" (1987) და სხვ. კ-მ ქართ. გერმანისტიკაში პირველმა შემოიყვანა მოდერნიზმის კლასიკოსი ფ. კაფკა და მის შემოქმედებას მიუძღვნა ნაშრომები: "ფრანც კაფკას ცხოვრება და შემოქმედება", "თომას მანი და ფრანც კაფკა" (ორივე 1971). ეს ნაშრომები მკითხველს აცნობს მოდერნიზმის ესთეტ. და ფილოს. საფუძვლებს.
კ. ასევე იკვლევდა გოეთეს შემოქმედებას, გერმანულ რომანტიზმს. ეს პრობლემატიკაა ასახული ნაშრომებში: "თანამედროვე დასავლური რომანი და მისი პოეტიკა" (1971), "რომანტიზმი" (1979), "ფაუსტი – ისტორიული, ფაუსტი – ლეგენდარული და ფაუსტი – ლიტერატურული, ანუ როგორ გადაიქცა ერთი ისტორიული პირი ლიტერატურულ პერსონაჟად", "გოეთეს ლირიკული რომანი" (ორივე 1983), "თანამედროვე დასავლური ლირიკა" (1991) და სხვ.
კ-ს ეკუთვნის ნაშრომები ქართ.- გერმ. ლიტ. ურთიერთობათა საკითხებზე: "კავკასია და საქართველო გერმანულ ლიტერატურაში" (1963, თანაავტორი ნ. რუხაძე), "საქართველოს თემა გერმანულ ლიტერატურაში" (1971), "შოთა რუსთაველი და ვოლფრამ ფონ ეშენბახი" (1980, გერმ. ენაზე), "იმპრესიონიზმი და ნიკო ლორთქიფანიძე" (1982), "ნიკოლოზ ბარათაშვილი და ევროპელი ავტორები" (1998). კ. ასევე დაინტერესებული იყო თეატრისა და კინოხელოვნების, პოეტიკისა და სტილისტიკის საკითხებით, რასაც არაერთი სტატია მიუძღვნა: "ფიქრები რიჩარდ III-ის ნახვის შემდეგ, ანუ რობერტ სტურუას თეატრალურ სამყაროში", "ბერტოლდ ბრეჰტი და მისი ქართველი თეატრალური ინტერპრეტატორები", «ვარიაციები რობერტ სტურუას "ვარიაციებზე", ანუ ცდები ზნეობაზე» (სამივე 1981), «უღმრთო პარიზი, ანუ ეშმაკი საფრანგეთში (ოთარ იოსელიანის ფრანგული ფილმის "მთვარის ფავორიტების" გამო)» (1985), "ტრიუმფი და დაქცევა ვარლამ არავიძის ოჯახისა" (1987) და სხვ.
კ-მ ქართ. ენაზე თარგმნა ა. ზეგერსის, ე. შტრიტმატერის, ფ. კაფკას, ნ. ზაქსის, ი. ბახმანისა და სხვათა ნაწარმოებები.
თხზ.: ნარკვევები მე-20 საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან, თბ., 1964; პორტრეტები და სილუეტები, თბ., 1971; თომას მანი, თბ., 1973; სახელოვნებო და სალიტერატურო კოლაჟები, თბ., 1991; "Habent sua fata libelli" ანუ ერთი წიგნის თავგადასავალი, «არილი», 2009, №6.
კ. ბრეგაძე