კაკაბაძე სარგის ნესტორის ძე [7 (19). X. 1886, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 2. IV. 1967, თბილისი], ისტორიკოსი და ფილოლოგი, პროფესორი (1949). სწავლობდა ვენის უნ-ტში, დაამთავრა პეტერბ. უნ-ტის აღმოსავლური ენების ფაკ-ტი. 1911–19 კითხულობდა ლექციებს თბილ. ქალთა უმაღლეს კურსებზე, ხოლო შემდეგ, 1952-მდე – საქართვ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1918–32 იყო სსრკ მეცნ. აკად. კავკ. ისტ.-არქეოლ. ინ-ტის თანამშრომელი, 1921–26 – საქართვ. ისტ. არქივის გამგე, 1945–61 – იმავე არქივის ძვ. აქტების განყ-ბის გამგე. 1924–34 ხელმძღვანელობდა სიძველეთა დაცვის კომიტეტს.
გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები საქართვ. სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიის, დამხმარე ისტ. დისციპლინების, ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიის საკითხებზე. შეისწავლა და გამოაქვეყნა მრავალი ისტ. დოკუმენტი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა „ვეფხისტყაოსანი" ვრცელი გამოკვლევით (1913, 1927), ჩახრუხაძის „თამარიანი" (1937), შავთელის „აბდულმესიანი" (1913, 1937), „ამირანდარეჯანიანი" (1939). მუშაობდა ეთნოგენეზის, ისტ. გეოგრაფიისა და დემოგრაფიის, ადმ. დაყოფისა და მმართველობის საკითხებზე. იყო „საისტორიო მოამბის" (1924– 25, 4 წიგნი), „საისტორიო კრებულის" (1928–29, 4 წიგნი) რედაქტორი.
თხზ.: საქართველოს მოკლე ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა, ტფ., 1920; საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500–1810 წწ.), ტფ., 1922; საისტორიო ძიებანი, ტფ., 1924; სასისხლო სიგელების შესახებ, ტფ., 1924; ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისის საკითხები, წგ. 1, ტფ., 1924; საფასის ისტორიისათვის საქართველოში, ტფ., 1925; ძიებანი ქართველთა IV–VII საუკუნეების ისტორიის შესახებ, ტფ., 1928: ვახტანგ გორგასალი, თბ., 1959; რუსთაველი და მისი "ვეფხისტყაოსანი", თბ., 1966; კრწანისის ომი, თბ., 1991; ვახტანგ გორგასლის ხანა, თბ., 1994; ქართველი ხალხის ისტორია (1737–1921), თბ., 2003; О древнегрузинских летописцах Х1 столетия, Тфл., 1912; Черты феодального строя и крестьянские повинности в Грузии в конце средних веков, Тфл., 1912; Из социальноэкономических вопросов средневековой Грузии, Тфл., 1927; Краткий обзор истории Грузии, Сух., 1941.
ლიტ,: ბ ა დ რ ი ძ ე შ., სარგის კაკაბაძე, თბ., 1986; ლ ო მ ა შ ვ ი ლ ი ჯ., სარგის კაკაბაძის ღვაწლი ქართულ ისტორიოგრაფიაში, თბ., 2005; ტ უ ხ ა შ ვ ი ლ ი ლ., ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1977, N4.
ს. კაკაბაძე