აჭარა, საქართველოს ისტორიული პროვინციის სახელწოდება, როგორც გეოგრაფიული სახელი ა. პირველად „სომხურ გეოგრაფიაში“ (VII ს.) იხსენიება.
ა. ადრე დასახლ. პუნქტს ერქვა, შემდეგ კი მთელ ხევზე გავრცელდა.
არსიანის, შავშეთის და აჭარა-გურიის ქედებით შემოზღუდული ეს ხევი გოდერძის უღელტეხილის მახლობლად (არსიანის დას. კალთა) იწყება და მდ. ჭოროხზე ეშვება (სიგრძე 90 კმ).
ლეონტი მროველი (XI ს.) ა-ს მეფე ფარნავაზის მიერ (ძვ. წ. III ს.) დაარსებულ ოძრხის (გვიანდ. ოცხე, ახლანდ. აბასთუმნის მიდამოები) საერისთავოში გულისხმობდა. როგორც ცალკე საერისთავო ა. პირველად X ს. შუა წლებშია დადასტურებული (კონსტ. პორფიროგენეტი).
საქართველოს გაერთიანების ხანიდან ა-ის ერისთავთა რეზიდენცია ხიხანშია (სხალთისწყლის სათავეები, არსიანის ქედის დას. კალთა). ამ დროიდან ხიხათა ერისთავთერისთავები აბუსერისძეები იყვნენ.
ხიხათა ერისთავთერისთავების ბედი საქართველოს სამეფო ხელისუფლების ბედზე იყო დამოკიდებული. როდესაც მეფის ძალაუფლება სუსტდებოდა, მაშინ მათ ძლიერი მეზობელი მფლობელები ეპატრონებოდნენ.
საქართველოს ერთიანი მონარქიის დაშლის (XV ს. II ნახ.) შემდეგ ა-ს კარგა ხანს ენერგიულად ეცილებოდნენ საათაბაგო და საგურიელო. ამ ცილობას ზღვარი ოსმალეთმა დაუდო 1578, როდესაც ა. (და სხვა ქართული მხარეები) თვითონ მიიტაცა და ცალკე სანჯაყად (ოსმალური ადმ. ერთეული) აქცია (იხ. აჭარის სანჯაყი).
ქართველობა არასოდეს შერიგებია ამ მარცხს და 1878 ა. და საქართველოს ისტ. მიწა-წყლის დიდი ნაწილიც კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ ქვეყანას (იხ. რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877–78).
საისტორიო ტრადიცია ა-სა და მთელ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებას ე. წ. მოციქულთა ხანაში (ახ. წ. I ს. შუა წლებში) გულისხმობდა და მას ქრისტეს მოწაფეებს (ფილიპე, სიმონ კანანელი, ანდრია პირველწოდებული, მატათა, მარკოზ და სხვა მოციქულები) მიაწერდა. შუა საუკუნეებში (XVI ს. წყაროს მიხედვით) ა. ორ ეპარქიაში იყო გაერთიანებული: ზემო მხარე („დანდალოს ზეითი“) ტბეთის სამწყსოში შედიოდა, ხოლო ქვემო მხარე‒ქუთათისისაში.
ოსმალთა მფლობელობის ხანაში ა-ში გავრცელდა ისლამი. ქართული საეკლესიო დანაწილება მოიშალა და შეცვლილი სახით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დაბრუნების შემდეგ (1917) აღდგა (ბათუმ-შემოქმედის ეპარქია).
[იხ. აგრეთვე საქართველო (ისტორიული მიმოხილვა), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა].
წყარო: ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; კათალიკოზისა ხელქვეშეთი მღვდელმთავარნი და სამწყსონი სამცხე-საათაბაგოში, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970; ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: გოგიტიძე ს., ანდრია მოციქულის მოღვაწეობა აჭარაში, «ჭოროხი», 1990, №4; ვარშანიძე შ., ნარკვევები შუა საუკუნეების აჭარის ისტორიიდან, ბათ., 1974; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, წგ. 1–2, ბათ., 1958–59; მისივე, აჭარა ანტიკური ხანიდან საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნამდე, ბათ., 1990; შამილაძე ვ., „აჭარის“ ადმინისტრაციულ-გეოგრაფიული ლოკალიზაციისა და ეტიმოლოგიის საკითხისათვის, წგ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბ., 1993.
ი. სიხარულიძე