აწყური

აწყური, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მდ. მტკვრის ვაკე-ტერასაზე, მდ. აბანოსღელის შესართავთან. თემის ცენტრი (სოფლები: ა., თისელი, ტყემლანა). რკინიგზის სადგური ზ. დ. 960 მ. ახალციხიდან 22 კმ. 1,5 ათ. მცხ. (2014).

ა. ძვ. წყაროებში იხსენიება აწყუერის ფორმით. იგი საქართვ. ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქი იყო. „ანდრია მოციქულის ცხოვრების“ მიხედვით, ა-ს სოსანგეთი რქმევია. ქართ. მატიანეში პირველად XI ს. შუა წლებში იხსენიება I ს. ამბებთან დაკავშირებით. აქ მტკვრის მარჯვ. ნაპირზე იყო აწყურის ციხე, აწყურის ტაძარი, რ-იც XII–XVI სს-ში სამცხის საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა (იხ. აწყურის საეპისკოპოსო). ადრინდ. ფეოდ. ხანაში ა. სამცხის პოლიტ. და საეკლესიო ცენტრი, ასევე მნიშვნელოვანი პუნქტი იყო სამცხე-საათაბაგოს ხანგრძლივი არსებობის მანძილზე. ჟამთააღმწერლის ცნობით, XIII ს-ში მეფე რუსუდანმა თავისი ასული თამარი მიათხოვა რუმის სულთანს ყიას ედ-დინს და მზითვად ა. მისცა. დიმიტრი თავდადებულის მეფობის დროს ირანის მონღოლმა გამგებელმა აბაღა-ხანმა მეფე რუსუდანის დროს გამზითვებული ა. სარგის ჯაყელსა და მის ძეს ბექას გადასცა. XV ს-ში ა. დაარბიეს თურქმანებმა (აყ-ყოიუნლუს თურქმანთა სახელმწიფოს გამგებელმა ‒ უზუნ-ჰასანმა და იაყუბ-ყაენმა). XVI ს. II ნახევარში ა. ოსმალებმა აიღეს.

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ (XVI ს.) მიხედვით, ა. შედიოდა ახალციხის ლივაში და წარმოადგენდა სამოცდაერთსოფლიანი რეგიონის ცენტრს. მასში ცხოვრობდა 92 კომლი, რ-თაგან მხოლოდ ხუთს ჰქონდა არაქართული წარმოშობის სახელი. XVIII ს. ცნობით, ა-ში იყო ვენახები და ბაღები. იქვე 50-მდე დუქანი ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით, ა. იყო „ქალაქი და ციხე დიდშენი“, სადაც სახლობდნენ ქართველები, სომხები, ებრაელი ვაჭრები. 1829 რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთს შორის დადებული ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ა. განთავისუფლდა ოსმალთა ბატონობისაგან და შევიდა ახლად შექმნილ ახალციხის მაზრაში. 1870 ა-ის მოსახლეობა 178 კომლისაგან შედგებოდა. XIX ს-ში დასახლება გაჩნდა მტკვრის მარცხ. ნაპირზეც, რ-საც „ძველი აწყურისაგან“ განსხვავებულად „გაღმა აწყურს“ უწოდებენ. ძვ. ა-ში მაშინ ძირითადად გამაჰმადიანებული ქართველები (ლომიაშვილები, ხმალაძეები, ზაკოშვილები, თოსოშვილები და სხვ.) ცხოვრობდნენ. 1944 აქაური მაჰმადიანი ქართველები შუა აზიაში გაასახლეს, ხოლო მათ ადგილზე დაამკვიდრეს იმერეთის რ-ნებიდან ჩამოყვანილები, რ-ებიც დღევანდელი მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ.

წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 1–3, თბ., 1941–58; ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, გ. ფუთურიძის გამოც., ნაკვ. 2, თბ., 1973; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1–2, 4. თბ., 1955–59, 1973.

დ. ბერძენიშვილი