ალი, ქართული ფოლკლორის პერსონაჟი, ნადირთა, ტყისა და წყლის პატრონი ქართულ წარმართულ პანთეონში.
ხალხ. წარმოსახვით, ა. ლამაზი, გრძელთმიანი ქალია, ან, პირიქით, მახინჯი, საზარელი, რვალისკბილებიანი და რკინის ჭლიკებიანი, თმა სისხლში აქვს მოსვრილი. ემტერება მელოგინე ქალს, ახალშობილ ბავშვს, აწვალებს ცხენებს; ცხოვრობს ტყეში, უკაცრიელ ადგილებში, უფრო ხშირად – წყლის, მდინარის პირას; თმას ოქროს სავარცხლით ივარცხნის, იტყუებს მამაკაცებს, ვნებს მებადურებს. თმის მოკვეცით, ფრჩხილების დაჭრით ან სავარცხლის მოპარვით მოთვინიერებული ა. ოჯახში რჩება, ვიდრე თავის ნივთს არ იპოვის; შემდეგ კი სახლ-კარს უნგრევს მამაკაცს და გარბის. აქვს მაქციაობის უნარი. ა. ბოროტ სულად იყო მიჩნეული. მისგან თავდასაცავად წარმოთქვამდენენ „ალის შელოცვას“, ახსენებდნენ წმინდა გიორგის, ა-ს აფრთხობდნენ ცეცხლით და ნემსით. საქართვ. სხვადასხვა კუთხეში მას უწოდებდნენ „წყლის დედას“, „ტყის ანგელოზს“, „ნადირთ მწყემსს“ (იხ. აგრეთვე დალი).
ლიტ.: ვირსალაძე ე., ქართული სამონადირეო ეპოსი, თბ.,1964; ჩიქოვანი მ., ქართული ეპოსი, წგ. 1, თბ., 1959, გვ. 113; ჩლაიძე ლ., ქართულ-აღმოსავლური დემონოლოგიური ურთიერთობიდან, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1975, № 1.
მ. ჩაჩავა