თოიძე ლევან მალხაზის ძე (20. VII. 1929, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 17. X. 1996, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1979), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე. 1951 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი, 1952–55 იყო ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი, 1956–61 – ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის, 1961–90 – საქართვ. კომპარტიის ცენტრ. კომიტეტთან არსებულ პარტიის ისტორიის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1996-იდან გარდაცვალებამდე – საქართვ. პარლამენტის საინფორმაციო-კვლევითი და საბიბლიოთეკო ცენტრის ექსპერტთა წევრი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს თსუ-ში, საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. 1972-იდან მუშაობდა ქსე-ის ისტ. რედაქციაში და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი პირველი ქართ. ენციკლოპედიის მომზადებაში. თ. მეცნ. ახ. დარგის – კონფლიქტოლოგიის – ერთ-ერთი ფუძემდებელია საქართველოში. იყო საისტ. საზ-ბის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, ი. ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებათა დამდგენი კომისიის მდივანი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი, მთელი რიგი სამთავრობო და საზ. სტრუქტურების ექსპერტ-კონსულტანტი.
თხზ.: ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც, ფაქტობრივი ანექსიაც, თბ., 1991; როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, თბ., 1991; ავტონომიების ჩამოყალიბება საქართველოში, ჟურნ. «Georgica», 1992, N15, 1993, N16; საქართველოს პოლიტიკური ისტორია (1921–1923 წლები), თბ., 1999; Исторические и политико-правовые аспекты конфликта в Абхазии, Тб., 1994 (თანაავტ.); Образование осетинской автономии в Грузии. Осетинский вопрос, Тб., 1994; Исторические и политико-правовые аспекты грузино-осетинского конфликта, Тб., 1995 (თანაავტ.); К вопросу о политическом статусе Абхазии, Тб., 1996.
დ. სტურუა