თოდუა მაგალი არეს ძე

მ. თოდუა

თოდუა მაგალი არეს ძე (19. I. 1927, სოფ. სალხინო, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, – 3. V. 2016, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, მთარგმნელი. შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი (2013). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1971). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1949). 1950–61 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში. 1961-იდან სამეცნ. მუშაობას ეწეოდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში (1968-იდან – ამავე ინ-ტის სპარს. ფილოლოგიის განყ-ბის გამგე). 1991–95 იყო ქუთაისის ა. წერეთლის სახ. უნ-ტის რექტორი, 1995–2008 – გელათის მეცნ. აკად. პრეზიდენტი, 2002–08 – „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის" დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი, 2008-იდან – ჟურნ. „ქართველოლოგიის" დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი.

თ. იკვლევდა სპარს. ლიტ-რის ისტორიისა და ქართ.-სპარს. კულტ.-ისტ. ურთიერთობათა საკითხებს. იყო მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორი: „ვისრამიანი" (ტექსტი, გამოკვლევა, კომენტარები და ლექსიკონი, 1964; თანაავტ. ა. გვახარია), «„ქილილა და დამანას" საბასეული ვერსია» (1967); „ქილილა და დამანა", სპარსულიდან თარგმნილი მეფე ვახტანგ მეექვსისა და სულხან-საბა ორბელიანის მიერ, ტექსტი დაადგინა და კომენტარები დაურთო მ. თოდუამ (1975); „Тбилисская коллекция персидских фирманов" (ტ. II, 1989; ტ. I, 1995), «ფირდოუსი და მისი „შაჰ-ნამე"» (1995), „შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი" (თარგმნილი ქართულიდან სპარს. ენაზე მოჰამედ-ქაზემ იუსეფ-ფურის მიერ. სტრიქონთარგმანი, გამოკვლევა და რედაქცია მ. თოდუასი, რაშთი, 2002), „Isa-Name. The Saviour and the Holy Virgin in persian poetry" (2002) და სხვ.

თ-მ (ა. გვახარიასთან ერთად) „ვისრამიანის" ქართ. და სპარს. ტექსტების შეჯერების საფუძველზე დაადგინა სპარს. „ვისრამიანის" („ვის ო რამინ") ლიტ. ტექსტი – გამოიცა თეირანში 1970. საქართვ. და უცხოეთის ხელნაწერთა საცავებსა და კერძო კოლექციებში მიაკვლია ირანში მოღვაწე ქართვ. პოეტების უცნობ ლექსებს.

თ-ს ნათარგმნი აქვს სპარს. ლიტ-რის კლასიკოსების ნაწარმოებები: „ნიზამი. რჩეული" (1956); „რუდაქი. ლირიკა" (1957); ნიზამი განჯელი, „ლეილი და მაჯნუნი" (1986, 2003); ომარ ხაიამი, „55 რობაი" (2001); „იესო ქრისტე სპარსულ პოეზიაში" (2004); ჯალალ-ალ-დინ რუმი, „ფილოსოფიური ლირიკა" (2007) და მრავალი სხვ.

თ-ს მიღებული აქვს პრემიები: ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია „საგურამო" (2008), საქართველოს ეროვნული პრემია (2008), „მსოფლიოს საუკეთესო ირანისტი" (დააჯილდოვა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა; 2008).

თხზ.: ქართულ-სპარსული ეტიუდები, [წგ.] 1–2, თბ., 1971–75.