თოდუა ფრიდონ იპოლიტეს ძე (9. I. 1944, ზუგდიდი, – 7. X. 2017, თბილისი), რადიოლოგი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2001) და პირველი ვიცე-პრეზიდენტი (2004–13), ამავე აკად. ფიზიოლ. და მედ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი (2013), საქართვ. სამედიცინო აკად. ნამდვ. წევრი (1995). მედ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1987). სსრკ სახელმწ. (1988) და საქართვ. სახელმწ. (1996) პრემიების ლაურეატი. საქართვ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2008–12).
1968 დაამთავრა თსსი, 1968–91 მუშაობდა ქ. მოსკოვში, ა. ვ. ვიშნევსკის სახ. ქირურგ. ინ-ტში, სადაც გაიარა გზა რიგითი მეცნიერი თანამშრომლიდან კომპიუტერული ტომოგრაფიის განყ-ბის (სსრკ-ში პირველად მის მიერ შექმნილი) ხელმძღვანელამდე.
1990 დააარსა და ხელმძღვანელობდა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. 1998–2017 იყო საქართვ. ჯანმრთელობის სამინისტროს რეზიდენტურის სასწ. პროგრამის დირექტორი. 1999-იდან ხელმძღვანელობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის დიაგნოსტიკური მედ. დეპარტამენტს.
თ. იყო ა. ა. ვიშნევსკის (1979), ა. ვ. ვიშნევსკის (1986) და ა. ჩაჩავას (1994) პრემიების ლაურეატი.
მიღებული აქვს ევრ. ღირსების ორდენი ერთიან ევრ. მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის (1999), დაჯილდოებულია პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენით (2010), მალტის ორდენით (1999), ბელგიის სამეფო კარის შევალიეს წოდებით (1999); ანდრია პირველწოდებულის ორდენით (2000) და ა. შვაიცერის ორდენით „ჰუმანიზმისა და ხალხის სამსახურისთვის" (2003); მიღებული აქვს ზაზა ფანასკერტელის ოქროს მედალი (2003) და მისივე სახელობის პრემია მონოგრაფიისათვის „ცერებროვასკულურ პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა" (2008), საფრანგეთის მთავრობის ჯილდო – მადლიერების ჯვარი (2004), აკად. გ. მუხაძის მედალი (1993) და პრემია (2010), ივ. ჯავახიშვილის ოქროს მედალი (2004). იყო ევრ. მეცნ. და ხელოვნების აკად. წევრი (2010). 2010 აირჩიეს გრაცის (ავსტრია) სამედ. უნ-ტის საპატიო დოქტორად, 2012 – რუსეთის სამედ.-ტექ. მეცნ. აკად. წევრად, ბაქოს სახელმწ. უნ-ტის საპატიო დოქტორად.
თ. იყო სხვადასხვა ასოციაციის, საზ-ბის, ფედერაციის საბჭოს წევრი, საქართვ. რადიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (1995), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ქართული ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. საბჭოს წევრი და სხვ.
თ. იყო მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 14 მონოგრაფიის, ავტორი. მიღებული აქვს 5 საავტორო და 15 საპატენტო მოწმობა გამოგონებაზე.
დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით" (1996, 2006), ვახტანგ გორგასლის ორდენით (2009), წმ. გიორგის ოქროს ორდენით (2014). არის თბილ. საპატიო მოქალაქე (1998).
თხზ.: თავის ტვინის დაავადებათა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თბ., 2001; ხერხემლისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, თბ., 2001; საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიის ატლასი, თბ., 2001; თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის ატლასი, თბ., 2006; კლინიკური ნეირორადიოლოგია, თბ., 2013; ექსტრაკრანიალური სისხლძარღვების პათოლოგიათა არაინვაზიური სხივური დიაგნოსტიკა, თბ., 2014; პორტული ჰიპერტენზიის გართულებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თბ., 2015.
ს. ბაქრაძე