ბზიფი

ბზიფი, დაბა გაგრის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდ. ბზიფის მარჯვ. ნაპირას, გაგრა–სოხუმის გზატკეცილზე. ტერიტ. ორგანოს ცენტრი (დაბა ბ., სოფლები: ათიძთა, არასაძიხი, აყვარა, ბზიფთა, იფნარი, ძიხჩა). ზ. დ. 45 მ, გაგრიდან 14 კმ.

ბ-ში შემორჩენილია ქართ. ხუროთმოძღვრული კომპლექსი – გალავნით შემოზღუდული ადგილ. ფეოდალის ციხესიმაგრე, ტაძარი (მიეკუთვნება VIII–X სს. ძეგლთა ჯგუფს) და სხვა ნაგებობათა ნაშთები. გალავანს დატანებული აქვს კოშკები, კონტრფორსები და კარიბჭე. ტაძარი ჯვაროვან-გუმბათოვანია, ინტერიერში გუმბათი 4 თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობა, აღმ-ით შვერილწახნაგოვანი აფსიდები აქვს. ფასადებს დეკორი ამკობს.

ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: Р ч е у л и ш в и л и  Л. Д., Куполъная архитектура VIII–X веков в Абхазии, ТБ., 1988.