თელია აკაკი ვლადიმერის ძე (15. XII. 1919, ფოთი, – 28. VII. 1994, თბილისი), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1968), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990). 1942 დაამთავრა თსსი-ის სამკურნალო ფაკ-ტი. იმავე წელს (ომის პირობებში) გაიწვიეს საბჭ. არმიის რიგებში, სადაც თავდაპირველად მუშაობდა ლეგიონის უმცროს ექიმად, ხოლო შემდეგ – ჰოსპიტალში ქირურგ. განყ-ბის გამგედ. 1947–52 იყო ქირურგ. განყ-ბის გამგე; 1968–80 – თსსი-ის სამკურნალო ფაკ-ტის საფაკულტეტო ქირურგ. კათედრის პროფესორი, 1980–86 – გამგე.
თ. იკვლევდა საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების კლინიკისა და ქირურგ. მკურნალობის საკითხებს; ბავშვთა და ჭაბუკთა ასაკის წყლულოვანი დაავადების ეტიოპათოგენეზს, კლინიკასა და ქირურგ. მკურნალობის თავისებურებებს. შეიმუშავა სტენოზით გართულებული წყლულოვანი დაავადების ორიგინ. კლასიფიკაცია. 1977 ნაშრომთა ციკლისათვის – „კუჭის პათოლოგიის პრობლემები" თ-ს მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები.
თხზ.: სტენოზით გართულებული წყლულოვანი დაავადების კლინიკა და მკურნალობა, თბ., 1956; მწვავე პანკრეატიტი, თბ., 1993; Язвенная болезнь детского и юношеского возраста, Тб., 1975 (თანაავტ. И. Н. Пипия).