თუშმალიშვილი ქეთევან კონსტანტინეს ასული (დ. 28. IV. 1953, თბილისი), მევიოლინე და პედაგოგი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1997), პროფესორი (1998). მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახ. საერთაშ. კონკურსის ლაურეატი (პარიზი, 1979). საქართვ. ფილარმონიის სოლისტი. თბილ. ცენტრ. სამუს. სკოლის დამთავრების შემდეგ (1965, პედ. ვ. შიუკაშვილი, ნ. რობიტაშვილი, კ. ვარდელი) თავდაპირველად სწავლა განაგრძო მოსკ. სამუსიკო სკოლაში (1966–72), ხოლო შემდეგ – იქვე, პ. ჩაიკოვსკის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში, სადაც სწავლობდა პროფ. ბ. ბელენკის ხელმძღვანელობით (1972–77). 1979-იდან ეწევა ფართო საშემსრულებლო მოღვაწეობას (ბულგარეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია, სსრკ-ის ქალაქები). მონაწილეობდა არაერთ ახალგაზრდულ საერთაშ. მუს. ფესტივალში (ლაურეატი და დიპლომანტი). 1984-იდან ეწევა პედ. მოღვაწეობას თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიაში, 1992-იდან სოლო ვიოლინოს კათედრის გამგეა. თ-ს რეპერტუარში აქვს მსოფლიო კლასიკური სავიოლინო ლიტ-რის მრავალი ნიმუში, თითქმის მთელი ქართ. სავიოლინო მუსიკა (მთელი რიგი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია). მისი შესრულება გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, მუს. კულტურით, ტექ. სრულყოფილებით.
გ. ტორაძე