თურმანიძე თამაზ ივანეს ძე (დ. 4. IX. 1932, ბორჯომი), აგროეკოლოგი, საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. წ.-კორ. (1992), გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1983), პროფესორი (1995). 1957 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკ-ტი. 1974–84 იყო საქართვ. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. 1984–89 მუშაობდა სსრკ მეცნ. და ტექ. სახელმწ. კომიტეტთან არსებულ საერთაშ. პროექტების ცენტრში ერთ-ერთი პროექტის დირექტორად. 1991-იდან საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. აგროეკოლოგიური სამეცნ.-კვლ. ცენტრის დირექტორია, 2000-იდან – საქართვ. ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწ. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. თ. ეწევა სამეცნ.-პედ. საქმიანობას ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტსა და საქართვ. აგრარულ უნ-ტში. დაამუშავა ვაზის კულტურის ზრდა-განვითარების, ყურძნის მოსავლიანობასა და ხარისხზე ეკოლ. პირობების ზეგავლენის შეფასება-პროგნოზირების მეთოდები. იკვლევს ბუნებრივ გარემოზე აგროსამრეწველო კომპლექსის ზემოქმედების მონიტორინგის ორგანიზაციის პრობლემებს, აგრეთვე კლიმატ. ცვლილებების მოსალოდნელ ზეგავლენას სოფლის მეურნეობის წარმოების ეფექტურობაზე. შექმნა კატასტროფული გვალვების, წყალმოვარდნების, მკაცრი ყინვების გრძელვადიანი (სეზონური) პროგნოზირების მეთოდები.
თ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. 5 მონოგრაფიისა. არის გაეროს მსოფლიო მეტეოროლ. ორგანიზაციის აგრომეტეოროლოგიის კომისიის წევრი, საქართვ. აგროეკოლოგიის საზ-ბის პრეზიდენტი (1991), მიწათმოქმედების საერთაშ. ფედერაციის წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2002).
თხზ.: ვაზის ეკოლოგია, თბ., 2003; საქართველოს სასურსათო უშიშროების ეკოლოგიური პრობლემები, თბ., 2006; კლიმატი, სტიქია და სასურსათო უშიშროება, თბ., 2010.