თურმანიძე თეიმურაზ დარისპანის ძე

თურმანიძე თეიმურაზ დარისპანის ძე (9. II. 1948, ქუთაისი, – 26. I. 2008, თბილისი), მხატვარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1985). საქართვ. სახელმწ. პრემიების (1985, 1991) და ი. გოგებაშვილის სახ. ეროვნ. პრემიის (1995) ლაურეატი. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1971). პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამხატვრო აკადემიასა (1975-იდან; პროფესორი – 1989-იდან) და ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტში (1978-იდან). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1971-იდან. თ-ის მიერ შექმნილი ფერწერული ტილოები, გრაფ. ნამუშევრები, თეატრ.-დეკორ. ხელოვნების ნიმუშები სტილისტურ მრავალფეროვნებასთან ერთად მხატვრული ამოცანების, ჩანაფიქრის თავისებურებებისა და შესაბამისი სახვ. ხერხების მრავალწახნაგოვნებით გამოირჩევა: „შავი პირამიდა" (1973, კერძო კუთვნილება, შვეიცარია), „თეთრი ბორბალი" (1981, კერძო კუთვნილება, ნიუ-იორკი), „ბრმები" (1983, კერძო კუთვნილება, თბილისი), მონუმენტური პანოები „დედა ენა" (1985) და „სულხან-საბა ორბელიანი" (1997) (ორივე ყოფილი ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტი, თბილისი), სივრცობრივი კომპოზიცია მეტალში „თავისუფლება" (1991–93, გერმანია, ფრანკფურტი), სივრცობრივი, რელიეფური კომპოზიცია და კედლის მხატვრობა „ივერია – კერპთა მხარე" (1986, კერძო კუთვნილება, ბელგია, ლიეჟი). თ-ის ნამუშევრები ექსპონირებული იყო აშშ-ში, ესპანეთში, კანადაში, საფრანგეთში, ინგლისსა და სხვ. ქვეყნებში მოწყობილ გამოფენებზე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

ი. ქარაია