თუმანიშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე (24. XI. 1856, სოფ. ხელთუბანი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 18. X. 1918, პიატიგორსკი), რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1916). გენ.-ლ. კ. თუმანიშვილის ძმა. სამხ. განათლება მიიღო ნიკოლოზის საკავალერიო სკოლაში, 1885 დაამთავრა გენ. შტაბის ნიკოლოზის აკადემია (სანქტ-პეტერბურგი). 1896–1900 იყო მე-6 საკავალერიო დივიზიის შტაბის უფროსი, 1900– 01 მეთაურობდა კიევის 27-ე დრაგუნთა პოლკს. 1902 მიენიჭა გენ.მ-ის წოდება. 1901–04 ასრულებდა ვარშავის სამხ. ოლქის სარდლის საგანგებო დავალებათა გენერლის მოვალეობას. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904–05), მეთაურობდა ციმბირის კაზაკთა დივიზიის მე-2 ბრიგადას. 1906–07 იყო მე-2 საკავალერიო კორპუსის შტაბის უფროსი, 1907–10 – ვარშავის სამხ. ოლქის მორიგე გენერალი. 1910 მიენიჭა გენ.-ლ-ის წოდება. 1910-იდან მეთაურობდა მე-13 საკავალერიო დივიზიას. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, თავი გამოიჩინა კრასნიკთან და ვილნოსთან ბრძოლებში. 1916 მარტში დანიშნეს მე-7 საკავალერიო კორპუსის მეთაურად. 1917 რევოლუციის შემდეგ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და ჩაირიცხა კიევის სამხ. ოლქის შტაბის რეზერვში. 1918 სამკურნალოდ გაემგზავრა ჩრდ. კავკასიაში, სადაც ტყვედ ჩაუვარდა ბოლშევიკებს და სხვა სამხ. ტყვეებთან ერთად დახვრიტეს. დაჯილდოებულია ოქროს იარაღით, წმ. ანას I, წმ. სტანისლავის I, წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
მ. გოგიტიძე