თუმანიშვილი გიორგი (იეჟი) პავლეს ძე

თუმანიშვილი გიორგი (იეჟი) პავლეს ძე (21. VI. 1916, მოსკოვი, – 9. XII. 2010, ფლორიდა, აშშ), პუბლიცისტი, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის წლებში (1918–21) მისი ოჯახი ცხოვრობდა თბილისში. საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 თებ.-მარტი) შემდეგ ოჯახი ემიგრაციაში წავიდა ვარშავაში. დაამთავრა ტორუნის სამხ.-საზღვაო სასწავლებელი (1937) და ჩაირიცხა სამხ.-საზღვაო ფლოტში. 1938 მიიღო პოლონეთის ფლოტის პორუჩიკის, 1941 – კაპიტნის წოდება. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. 1950 თ. გადადგა სამხ. სამსახურიდან და დასახლდა აშშ-ში. ეწეოდა აქტ. სამწერლო და პუბლიც. მოღვაწეობას. მისი არაერთი მოთხრობა გამოქვეყნდა ინგლისსა და ნიუ-იორკში გამომავალ პოლონურ ჟურნალში „პრეგლად პოლსკი" („პოლონეთის მიმოხილვა").

დაჯილდოებულია პოლონეთის უმაღლესი სამხ. ჯილდოთი – ორდენით „ვირტუტი მილიტარი" (1945), პოლონეთის დამსახურების ორდენის ოფიცრის ჯვრით (2004), პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორის ჯვრით და ვარსკვლავით (2009). 1990 მიენიჭა პოლონეთის კომანდორ-ლეიტენანტის, 2008 კი პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ მიანიჭა კონტრადმირალის წოდება.

ლ. ურუშაძე