თუმანიშვილი იოსებ (ბება) მიხეილის ძე [2 (15). I. 1909, თბილისი, – 8. VII. 1981, მოსკოვი], რეჟისორი, პედაგოგი. სსრკ სახ. არტისტი (1964), სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში 1923. დაამთავრა დრამ. კურსები ი. ზავადსკის ხელმძღვანელობით (1929). იყო თეატრ-სტუდიის მსახიობი, 1938–46 – კ. სტანისლავსკის სახ. საოპერო თეატრის (1941-იდან კ. სტანისლავსკისა და ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახ. მუს. თეატრის) მთ. რეჟისორი, სადაც დადგა ოპერები: ბ. მოკროუსოვის „ჩაპაევი" (1943), ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადი" (1946). 1946–53 მოსკ. ოპერეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. აქ დადგა სპექტაკლები: ი. დუნაევსკის „ლაღი ქარი" (1948), გ. მილიუტინის „ტრემბიტა" (1949, სტალინური პრემია, 1950) და სხვ. 1953–61 მუშაობდა მოსკ. ა. პუშკინის სახ. თეატრში მთ. რეჟისორად, 1962-იდან კრემლის ყრილობათა სასახლის, 1964–70 დიდი თეატრის მთ. რეჟისორი იყო. აქ დადგა ჯ. ვერდის „დონ კარლოსი" (1963), ვ. მურადელის „ოქტომბერი" (1964) და სხვ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი" (1953), დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი" (1958); რუსთაველის თეატრში – ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი" (1944); „ლა სკალას" თეატრში – მ. მუსორგსკის „ხოვანშჩინა" და „ბორის გოდუნოვი" (1967). მისი დადგმები გამოირჩეოდა მასშტაბურობით, მაღალი პროფ. კულტურით. 1951-იდან თ. მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნების ინ-ტის პედაგოგი იყო (1965-იდან – პროფესორი). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.