თუმანიშვილი ირინე ალექსანდრეს ასული (10. VIII. 1916, თბილისი, – 30. XII. 1996, იქვე), მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი. 1935–41 სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკად. გრაფიკის ფაკ-ტზე. მისი პედაგოგები იყვნენ: ი. შარლემანი, ვ. გრიგოლია, ვ. ქუთათელაძე, ს. ქობულაძე. 1941იდან 25 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართვ. სახელმწ. ხელოვნების მუზეუმში მხატვარრესტავრატორად და ასლების გადამღებად. იყო საქართვ. მხატვართა კავშირის წევრი (1950-იდან). მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მხატვართა კავშირის აკვარელისტთა სექციას. მონაწილეობდა რესპ. და საკავშ. გამოფენებში. თ-ის ნამუშევრები ინახება საზღვარგარეთ (აშშ, მექსიკა, ჰოლანდია, ისრაელი და სხვა) კერძო კოლექციებში. XX ს. II ნახევრის ჟურნალ-გაზეთებში ხშირად ქვეყნდებოდა მისი მრავალი პუბლიკაცია მხატვრების შემოქმედებაზე. მხატვარი ძირითადად პეიზაჟებსა და ნატიურმორტებს ხატავდა. მუშაობდა აკვარელის ტექნიკით. ტუშით, კალმითა და ფლომასტერით შესრულებული აქვს ასევე ორ ათეულამდე ექსლიბრისი. 1977 გამოსცა ბუკლეტი „Exlibris" (თბ., 1977); 1979 კი ხელოვნებათმცოდნე ზ. კვასხვაძის თანაავტორობით – წიგნი „ქართული ექსლიბრისი" (თბ., 1979; ტექსტი ქართ. და რუს. ენებზე).
მ. გაჩეჩილაძე