თუმანიშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე (22. VII. 1848, სოფ. ხელთუბანი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – დაახლ. 1918, სანქტ-პეტერბურგი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1911). გენ.-მ. მ. გ. თუმანიშვილის ტყუპისცალი. სამხ. სამსახურში იყო 1866-იდან. დაამთავრა ნიკოლოზის კადეტთა კორპუსი, ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877–78). 1894-იდან – პოლკოვნიკი; მეთაურობდა საიმპერატორო ბადრაგის ლაიბგვარდიის ყირიმელ თათართა რაზმს, 1903-იდან – გენ.მ. მეთაურობდა ციმბირის კაზაკთა დივიზიის მე-2 ბრიგადას, 1905–12 იყო საგანგებო დავალებათა გენერალი იმპერატორის კარზე.
დაჯილდოებულია წმ. ანას I, წმ. სტანისლავის I, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის და უცხოეთის სახელმწიფოთა (პრუსია, იაპონია, თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და სხვ.) ორდენებით.
მ. გოგიტიძე