თუმანიშვილი ნიკოლოზ იესეს ძე (24. X. 1844, სოფ. ხელთუბანი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 1917, სანქტ-პეტერბურგი), რუსეთის იმპერიის არმიის ინჟინერ-გენერალი (1907). ინფანტერიის გენ. გ. ი. თუმანიშვილის ძმა. 1863-იდან სამხ. სამსახურში იყო. დაამთავრა პირველი კადეტთა კორპუსი, 1864 პავლეს სამხ. სასწავლებელი და გენ. შტაბის ნიკოლოზის საინჟ. აკადემია (I თანრიგით). 1880–82 იყო ქუთ. საინჟ. დისტანციის უფროსი, 1882–97 – ყარსის ციხესიმაგრის საინჟ. სამმართველოს უფროსი. 1892 მიენიჭა გენ.-მ-ის წოდება. 1897–99 იყო იმიერკასპიისპირეთის ოლქის საინჟ. ნაწილის უფროსი. 1899 მიენიჭა გენ.-ლ. წოდება; 1903-იდან მეთაურობდა 38-ე ქვეით დივიზიას. მანჯურიის პირველი არმიის ინჟინერთა ინსპექტორის თანამდებობაზე მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904–05). 1905-იდან იყო ვარშავის სამხ. ოლქის საინჟ. ნაწილის უფროსი, 1906-იდან – ბრესტ-ლიტოვსკის ციხესიმაგრის კომენდანტი; 1910 დანიშნეს სამხ. საბჭოს წევრად, სადაც 1912–14 თავმჯდომარეობდა რუსეთ-იაპონიის ომთან დაკავშირებული ანგარიშებისა და საქმეების შემსწავლელ დროებით კომისიას. I მსოფლიო ომის (1914– 18) დაწყებისთანავე დანიშნეს დვინის სამხ. ოლქის უფროსად, 1915–16 – პეტროგრადის სამხ. ოლქის უფროსად, ხოლო 1916–17 – დას. ფრონტის არმიების მომარაგების უფროსად.
დაჯილდოებულია წმ. ალექსანდრე ნეველის, წმ. სტანისლავის I, წმ. ანას I, წმ. ვლადიმირის II ხარისხის, თეთრი არწივისა და უცხოეთის ქვეყნების, ოქროს ვარსკვლავის I (ბუხარა), „ლომი და მზის" I (სპარსეთი) ორდენებით.
მ. გოგიტიძე