გრიგოლაშვილი ლაურა გრიგოლის ასული (დ. 2. IV. 1936, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, ჰიმნოლოგი. 1953-57 სწავლობდა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის განყ-ბაზე, რ-ის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ამავე უნ-ტის ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტ. კათედრაზე. 1970-დან ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში. პერიოდულად ლექციებს კითხულობდა თბილ. სას. სემინარიასა და აკადემიაში, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტში, კულტურის უნ-ტში; უძღვებოდა სატელევიზიო კურსს აბიტურიენტთათვის ქართ. ლიტ-რაში.
გ-ის სამეცნიერო კვლევა-ძიების სფეროა, ძირითადად, ძვ. ქართ. ლიტ-რა, ჰიმნოგრაფია. ავტორია მონოგრაფიისა „დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი“ (2005); „ლიტერატურული კონცეპტები და სხვა“ (2018). 2020 გამოვიდა წმ. ანდრია კრიტელის „დიდი კანონი“ - ძველი ქართული თარგმანები, რ-ის ტექსტი გამოსაცემად მოამზადა (ე. მეტრეველთან ერთად), გამოკვლევა წაუმძღვარა და ლექსიკონი დაურთო. აღსანიშნავია ის შრომა, რ-იც მან გასწია ძვ. ქართ. ლიტ-რის კომენტირებული სასკოლო ქრესტომათიის შესადგენად (ავტორთა ჯგუფთან ერთად) (2003).
გ., აგრეთვე, ავტორია შრომებისა XIX და XX სს. ქართ. ლიტ-რის საკითხებზე. მისი კვლევები გამოირჩევა ფართო დიაპაზონით, ფაქტობრივი მასალის სიუხვით, განმაზოგადებელი დასკვნებითა და აკადემიზმით.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2018).
ს. მეტრეველი