თორთლაძე ლევან ალექსანდრეს ძე

თორთლაძე ლევან ალექსანდრეს ძე (დ. 25. X. 1948, ქუთაისი), ზოოტექნიკოსი. სოფლის მეურნეობის მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2004). 1971 დაამთავრა ქ. იჟევსკის სას.-სამ. ინ-ტი. 1976–78 მოღვაწეობდა მოსკოვში საკავშ. მეცხოველეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1974–89 ეკავა სხვადასხვა თანამდებობა უდმურტეთის რესპუბლიკაში. 1989-იდან მუშაობდა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო უნ-ტში რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლ. კათედრაზე, 2002-იდან იყო ამავე კათედრის გამგე. 2006-იდან არის საქართვ. აგრ. უნ-ტის კერძო ზოოტექნიკის დეპარტამენტის უფროსი. თ-მ შეისწავლა საქართველოში შემოყვანილი ძროხის მაღალპროდუქტიული ჯიშების აკლიმატიზაციის საკითხები, ძროხის რძისა და ხორცის წარმოების ტექნოლოგია და სხვ. 2006-იდან თ. სომხეთის სახელმწ. აგრ. უნ-ტის საპატიო დოქტორია, ასევე საქართვ. მეცხოველეთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, 2011-იდან – საქართვ. ხორცისა და თევზის მეწარმეთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი.

თ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის და 3 სახელმძღვანელოს ავტორია. აქვს 2 პატენტი გამოგონებაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შვედეთის დახმარების პროგრამის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია შვედეთის სამეფო ოჯახის მედლით. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2002).

თხზ.: მეძროხეობა და მისი განვითარების პერსპექტივები რაჭის რეგიონში, წგ.: წარსული, აწმყო და მომავალი, თბ., 2012.