თორაძე დავით (გუგული) ალექსანდრეს ძე

დ. თორაძე

თორაძე დავით (გუგული) ალექსანდრეს ძე (14. IV. 1922, თბილისი, – 6. XI. 1983, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. სახ. არტისტი (1961), სტალინური პრემიის ლაურეატი (1951). 1937–39 სწავლობდა თბილ. კონსერვატორიის საკომპოზიციო (ს. ბარხუდარიანის კლასი) და საფორტეპიანო (ა. ვირსალაძის კლასი) განყ-ბებზე, 1939–41 კი – მოსკ. კონსერვატორიაში (რ. გლიერის საკომპოზიციო კლასი). 1953-იდან იყო თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1973-იდან – პროფესორი), 1962–68 – საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის თავ-რის პირველი მოადგილე. თ. ძირითადად მუს.-თეატრ. და სიმფონიურ ჟანრებში მოღვაწეობდა. მისი გამორჩეული ნაწარმოებებია: ოპერები – „მთების ძახილი" (1947) და „ჩრდილოეთის პატარძალი" (1958); ბალეტები – „გორდა" (1949 – ყველაზე სარეპერტუარო ქართ. ბალეტი), „მშვიდობისათვის" (1953) და „მწირი" (1977) – ამ უკანასკნელის მიხედვით შექმნილმა ტელეფილმმა ნიუ-იორკის საერთაშ. კონკურსზე დიდი წარმატება მოიპოვა და გრან-პრი დაიმსახურა (1978). „გორდა" და „ჩრდილოეთის პატარძალი" წარმოადგინეს ქართ. ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში (1958), ხოლო „გორდა" – აგრეთვე უნგრეთსა (1966) და საფრანგეთში (პარიზი, 1966) თეატრის გასტროლების დროს; ოპერეტები – „ნათელა" (1950) და „შურისმაძიებელი" (1952); ორი სიმფონია [I (1946), და II „ქებათა-ქება ნიკორწმინდას" (1968), თანამედროვე ქართ. სიმფ. მუსიკის თვალსაჩინო ნიმუშია], საგუნდო სიმფონია „ქართული ხალხური ჩანამღერები" (გ. ტაბიძის ლექსებზე, 1974), საფორტეპიანო კონცერტი (1983), „აფრიკული ესკიზები" საესტრადო ორკესტრისათვის (1962), საესტრადო სიმღერები („მოდი ჩემთან"), კინომუსიკა ფილმებისათვის „ჭირვეული მეზობლები", „პალიასტომი", „შეხვედრა წარსულთან", „დღე უკანასკნელი – დღე პირველი" (დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ ფილმში გაჟღერებულმა ლირიკულმა სიმღერამ „გზა მშვიდობისა"), „კაცია ადამიანი?!" და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: ლ ო ნ დ ა რ ი ძ ე  ე., დავით თორაძე, თბ., 1993; ტ ო რ ა ძ ე  გ., მუსიკის სამყაროში, თბ., 2010; Хучуа П., Советская опера и балет, წგ.: Грузинская музыкальная культура, М., 1978.

გ. ტორაძე