თვალჭრელიძე ალექსანდრე ანტონის ძე

ა. თვალჭრელიძე

თვალჭრელიძე ალექსანდრე ანტონის ძე [19. XI (1. XII). 1881, სტანიცა ბატალპაშინსკაია (ახლანდ. ქ. ჩერკესკი), რუს. ფედერაცია, – 29. VII. 1957, თბილისი], გეოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1941), გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1949), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). 1912 დაამთავრა მოსკ. უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა. 1910 ზაფხულში სტაჟირებას გადიოდა გეტინგენის (გერმანია) უნ-ტში. 1912–13 მუშაობდა პეტერბურგის მეცნ. აკად. გეოქიმ. ლაბორატორიაში, სადაც აკად. ვ. ვერნადსკის ხელმძღვანელობით შეასრულა გამოკვლევა რუბიდიუმის, ცეზიუმისა და თალიუმის გეოქიმიაში. 1918–19 მუშაობდა ქ. ნოვოჩერკასკში, დონის პოლიტექ. ინ-ტსა და ქალთა უმაღლეს კურსებზე. თ. ქართ. გეოლ. სკოლისა (საკუთრივ მინერალოგიურ-პეტროგრაფიულ კვლევათა) და საქართველოში გეოლ. განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1919 თ. სათავეში ჩაუდგა თავისსავე დაარსებულ მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრას თსუ-ში; 1928–48 კი ხელმძღვანელობდა აგრეთვე თავისსავე დაარსებულ ამავე პროფილის კათედრას სპი-ში. თ. იყო კავკასიის მინერ. ნედლეულის ინ-ტის ფუძემდებელი და პირველი დირექტორი (1929–57). 1941-იდან იყო საქართვ. მეცნ. აკად. საწარმოო ძალთა შემსწავლელი საბჭოს თავ-რე; მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალტომიანი ნაშრომი საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესახებ. თ-ის შრომები ეხება მინერალოგიის, პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლ. საკითხებს. მანვე აღმოაჩინა და შეისწავლა გუმბრისა და ასკანის ბენტონიტური თიხების, აგრეთვე სხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოები. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა: „გეომეტრიული კრისტალოგრაფია" (1920), „კრისტალთა ოპტიკის შესავალი" (რუს. ენაზე – 1933, 1934; ქართ. ენაზე – 1938, 1957), „მაგმური ქანების პეტროგრაფია, ტ. 1 – ინტრუზიული ქანები" (1950). თ-ის პატივსაცემად ერთ-ერთ მინერალს ეწოდა თვალჭრელიძეიტი. საქართვ. მეცნ. აკადემიაში დაწესებულია ა. თვალჭრელიძის სახ. პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: თავის საბანი მიწა და ზოგიერთი მისი მოსაპოვარი ადგილი დასავლეთ საქართველოში, «ტფილისის უნ-ტის მოამბე», 1923, ტ. 3; Базальт, глины бентонитовые, глины флоридиновые, камни цветные и поделочные, редкие минералы и металлы, шпат исландский, წგ.: Минеральные ресурсы ССР Грузии, Тфл., 1933; Бентонитовые глины Грузинской ССР и ближайшие задачи их освоения, წგ.: Бентонитовые глины Грузии и их примეнение в народном хозяйстве, Тб., 1953; Андезит, базальт, гагат, глины бентонитовые, წგ.: Природные ресурсы Грузинской ССР, т. 2, М., 1959.

ლიტ.: ალექსანდრე თვალჭრელიძე (1881–1957). ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. გ. მგელაძე-ბორჯაძე, თბ., 1978 (შესავალი წერილი კ. და ვ. ჯავრიშვილებისა).

ვ. ჯავრიშვილი