ბესლეთი

ბესლეთი, სოფელი სოხუმის მუნიციპალიტეტის ბესლეთის თემში (აფხაზეთის არ), მდ. ბესლეთის მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 120 მ, უშუალოდ ესაზღვრება სოხუმს. ბ. ზღვისპირა კლიმ.-ბალნეოლ. კურორტია. ჰავა – ზღვის ნოტიო სუბტროპიკული; იცის თბილი, რბილი ზამთარი (იანვ. საშ. ტემ-რა 5,8°C) და ცხელი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 23,8°C). სამკურნ. ფაქტორი: ჰავა, თერმული მინერ. წყალი (ტემპ-რა 35,5–42°C). წყალი ორი ტიპისაა: სულფიდური, ქლორიდულ-ნატრიუმიანი (მინერალიზაცია 11–30 გ/ლ) და აზოტური ჰიდროკარბონატული, ქლორიდულ-სულფიდური, კალციუმ-ნატრიუმიანი (მინერალიზაცია 1,3–2,0 გ/ლ). იყენებენ აბაზანებისათვის მოძრაობის ორგანოების, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლ. დაავადებების სამკურნალოდ.

ბ-ის მახლობლად არის ძვ. ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი – XI–XII სს. ერთმალიანი თაღოვანი ხიდი მდ. ბესლეთზე. საერთო სიგრძე 35 მ, მალის სიგრძე 13,3 მ, სიმაღლე 8 მ. სავალი ნაწილის სიგანე 4,7 მ. ნაგებია კირქვის ფილებითა და დუღაბით. შემოსილია ქვის თლილი ბლოკებით, მათ შორის დაყოლებულია ბრტყელი აგურის შრეები. ხიდის თაღი ეყრდნობა 8 მ სიგანის ორ ბურჯს, შემაღლებულ თაღზე ასასვლელად ორივე მხრიდან მიწაყრილებია გამოყენებული. თაღის ყოველ საპირე ქვაზე ამოკვეთილია ქართ. ასომთავრული ასოები. ხიდი დღესაც ასრულებს თავის დანიშნულებას.

ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიზეა.

ლიტ.: რჩეულიშვილი ლ., ჩუბინაშვილი ნ., XI–XII სს. ხიდი მდ. ბესლეთზე, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938.

გ. უშვერიძე

ი. ციციშვილი