თვალჭრელიძე ტატა (ტატიანა) გიორგის ასული

თვალჭრელიძე ტატა (ტატიანა) გიორგის ასული (14. VII. 1940, თბილისი, – 21. VI. 1992, იქვე), კინომცოდნე. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის თეატრმცოდნეობის ფაკ-ტი (1963) და რსფსრ მეცნ. აკად. ხელოვნებათმცოდნეობის ინ-ტის ასპირანტურა (1971). 1972-იდან სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში. 1987 აქვე დააარსა კინოს ენისა და სტრუქტურის სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია, რ-საც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. მისი წერილები კინოხელოვნების სხვადასხვა საკითხებზე გამოქვეყნებულია პერიოდულ გამოცემებში. მისი ავტორობით მომზადდა არაერთი ტელე და რადიოგადაცემა, მ. შ. საქართვ. ტელევიზიის I არხის გადაცემათა ციკლი „ფილმი და რეჟისორი". მისი სცენარებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები: „სესილია თაყაიშვილი"(რეჟ. თ. ბაქრაძე, 1980), „ეროსი მანჯგალაძე"(რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1983), სამეცნ.-პოპულ. ფილმი „ჯადოსნური საცერი"(რეჟ. ვ. სემიონოვი, 1985) და სხვ.

თხზ.: სიმართლე ეკრანზე, თბ., 1981; კინემატოგრაფიული ძიებანი, თბ., 1989.

მ. კერესელიძე